„შოთაძემ მონსტრის ჰუმანიზაცია მოახდინა“ – კარლო კოპალიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი კარლო კოპალიანი, რომელიც რამდენიმე დღეში ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი გახდება, აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძემ სისტემა რადიკალურად შეცვალა და ნამდვილ პროკურატურას დაამსგავსა. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, სწორედ შოთაძის პროკურატურაში გახდა რეფორმები ხელშესახები.

„ჩვენ ვიხილეთ, დაზარალებული ოჯახების რეაქცია ირაკლი შოთაძის პროკურორობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით. იგივე, ზაზა სარალიძის რეაქცია, სადაც ყველაფერია ნათქვამი. მე სხვა კუთხით შეგახედებთ. ცხოვრებაში ყველაფერი შედარებითია და პარალელებსაც გავავლებ. შოთაძემ შექმნა ის მოცემულობა რომელის წარმოდგენაც ძნელი იყო წლების უკან, შოთაძემ, გარკვეულწილად, ჰუმანიზაცია მოახდინა ამ მონსტრის. პროკურატურა, რომელიც იყო სადამსჯელო იარაღი საკუთარი ხალხის, აქცია პროკურატურად, რომელიც ფაქტებსა და არგუმენტებზე დაყრდნობით იძიებს ნებისმიერ საქმეს“ – განაცხადა დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მისივე თქმით, პროკურატურა ყოფილი ხელისუფლების გზას რომ გაჰყოლოდა, გასამართლება, ქონების ჩამორთმევა და ციხეში გაგზავნა ერთ  დღეს მოხდებოდა.

„ჩვენ თუ წავიდოდით იმ გზით, რომლითაც  წინა ხელისუფლების დროს პროკრატურის სისტემამ იარა, ერთ დღეში მოგვიწევდა ადამიანებისთვის ბრალის წაყენება, დაპატიმრება, ჩამოხრჩობა, ქონების ჩამორთმევა, გასამართლება და 15- 20 წლით ციხეში გაგზავნა, მაგრამ, დღეს  სხვა რამესთან გვაქვს საქმე. ჩვენი პროკურატურა მიდის სულ სხვა გზით, ცივილური გზით. თუ ადამიანს დანაშაული არ დაუმტკიცდა ისე არ იჭერდა შოთაძის პროკურატურა ადამიანებს. თუ შევადარებთ ამას წარსულთან, სულ სხვა მოცემულობაში ვართ და სისტემაში რეფორმები  ხელშესახებია, არადა, ხალხი ერთდღიან განაჩენებს იყო მიჩვეული“ – განაცხადა კარლო კოპალიანმა „მედიაცენტრ მთავარში“ ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა დასრულდა და პროკურორობას 17 კანდიდატი ელოდება.     

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები