შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით აწამებდა

შიდა ქართლში მამაკაცი ფეხმძიმე ცოლს გახურებული რკინით, რეზინის მილებითა და გაყინული წყლით ორი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით აწამებდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია ოჯახის წევრებს, ასევე ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც ჰქონდათ, მაგრამ დანაშაულზე არავინ რეაგირებდა.

პოლიციას დახმარებისთვის მისამართზე გამოძახებულმა სასწრაფომ მიმართა, რომელსაც სახლში დამწვარი და ნაცემი ახალგაზრდა ქალი დახვდა. მოძალადე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.

საქმეში დევს დაზარალებული ქალის დედის ჩვენებაც, რომელიც ძალადობის მსხვერპლზე ამბობს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა დედის ნათქვამი ექსპერტიზამ არ დაადასტურა.

ახლა დაზარალებული ქალი რეაბილიტაციის კურსს გადის. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. პროკურატურას კი აქვს არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს, როგორ ძალადობდა ქმარი საკუთარი შვილების თანდასწრებით ახალგაზრდა ცოლზე.

იმის გამო, რომ ჩხუბის ფაქტებს 4 და 7 წლის ბავშვებიც ესწრებოდნენ, პროკურატურამ ისინიც გამოკითხა. საქმეში სოციალური მუშაკი ჩაერთო, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან მუშაობდა და მათ უფლებებზე ზრუნავდა.

29 წლის მამაკაცის წინააღმდეგ გამოძიება ერთდროულად 4 მძიმე მუხლით მიმდინარეობს. მათ შორის მოძალადე ქმარს წლების წინ ჩადენილ დანაშაულსაც ედავებიან – ის ფიზიკურად ცოლს ორსულობის დროსაც უსწორდებოდა.

მსგავსი თემები