“შიდა გავრცელებიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ მოსახლეობამ მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელების დაფიქსირების პერიოდიდან მეშვიდე კვირაში შედის.

მისი თქმით, მთელმა რიგმა ქვეყნებმა პიკი გადალახეს და საქართველო ამ ეტაპამდე შედარებით ნაკლები დაზიანებით მოდის, ახლა კი პიკურ პერიოდშია.

„ახლა ვართ გარკვეულ პიკურ პერიოდში, ეს კვირა და მომავალი კვირა. ახლა, ორშაბათიდან მეშვიდე კვირაში შევდივართ, რაც შიდა გავრცელება დაგვეწყო და ამიტომ მეტი სიფრთხილე, მეტი გამოვლენა და ყველამ იცოდეთ, თუ ვინმეს ტემპერატურა და რესპირაციული სიმპტომები აქვთ, მიმართონ ექიმს, მისი რჩევით იმოქმედონ. გაფართოებულია გამოკვლევების რაოდენობა და თუ დადებითია, სწრაფად, საწყის ეტაპზე მკურნალობა იძლევა კარგ შედეგს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოუწოდებს, მოსახლეობას ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა.

„გთხოვ და მოვუწოდებ მარნეულის მინიციპალიტეტის მოსახლეობას, ყოველდღიურად გაისინჯონ ტემპერატურა, გრძნობენ თუ არა. თუ მომატებულია ტემპერატურა აუცილებელია, მიმართონ ექიმს. თუ აქვთ ხველა, სიცხე, სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია, მიმართონ ექიმს ან თუ იციან, რომ იყვნენ კონტაქტში ადამიანთან, ვისაც დაუდასტურდა ინფექცია, მიმართონ ექიმს. ეს არის ჩემი უმორჩილესი თხოვნა ყველასადმი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები