“შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება” – ადვოკატები

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების ინფორმაციით,  ჩოგბურთელის, ყოფილი მეუღლის მიერ წაყენებული ბრალდება ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, ყალბი და სრულიად დაუსაბუთებელია. უფლებადამცველები განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ადვოკატების თქმით, ამ დროისთვის უფლება არა აქვთ გამოძიებისთვის საჭირო მასალები გაამჟღავნონ, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხება.

„მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ნიკოლოზ ბასილაშვილის გულშემატკივრები დავარწმუნოთ, რომ სასამართლოში წარდგენილი ვიდეოჩანაწერი მას არასწორი ბრალდებისაგან სრულიად ათავისუფლებს. ჩვენ გვჯერა, რომ მოსამართლე წარდგენილ მტკიცებულებებს აღიარებს და ნიკოლოზ ბასილაშვილი ყველა ბრალდებისგან განთავისუფლდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი 2019 წლის შემდეგ განქორინებულები არიან. მათ 5 წლის შვილი ლუკასი ჰყავთ. არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელის პროვოკაციულ ქმედებებზე საუბრისაგან თავს იკავებს. შვილის დაცვის მიზნით, ჩოგბურთელი ყოფილი ცოლის დაუსაბუთებელ ბრალდებებს არ ეხმაურება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამწუხრებულია იმ ყალბი ბრალდებების გამო, რომელიც რამდენიმე დღეა მის მისამართით ისმის. ბასილაშვილს სურს, ფართო საზოგადოებას უპირობო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს. ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს“, – წერია ნიკოლოზ ბასილაშვილის Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები