შვიდ წლამდე ასაკის ბავშვებს, ექიმის მიმართვის საფუძველზე, ტყვიაზე კვლევას უფასოდ ჩაუტარებენ

ტყვიის შემცველობაზე კვლევის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების თანახმად, პროგრამაში შვიდ წლამდე ასაკის ყველა ის ბავშვი ჩაერთვება, რომელსაც სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის სიმპტომები ექნება. 

ქვეყანაში უკვე არის ლაბორატორია, სადაც სისხლში ტყვიის შემცველობის მაჩვენებელს ადგენენ. ამასთან, უფასოა მედიკამენტოზური მკურნალობაც. ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი, ეკა ადამია აცხადებს, რომ ცვლილება ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.

„გასულ წელს დავიწყეთ „მიქსის“ კვლევის მიხედვით გამოვლენილი ბავშვების სისხლში ტყვიის ბიომონიტორინგის კომპონენტი. პროგრამის ფარგლებში მოვიცავით მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც გამოვლინდნენ ამ კვლევის ფარგლებში. 2020 წლისთვის ეს კომპონენტი ფართოვდება და უკვე შვიდ წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიმართვის საფუძველზე ექნება შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, ჩაიტაროს ტყვიაზე კვლევა. ასევე, ტყვიის მაღალი შემცველობის დადგენის შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრებიც იქნებიან გამოკვლეულნი ტყვიაზე. ეს კომპონენტი შევიდა ძალაში 2020 წლის პირველი იანვრიდან“, – აცხადებს ეკა ადამია.

მისივე თქმით, ოჯახის ექიმები და პედიატრები გადამზადდნენ და მზად არიან პროცესის დასაწყებად.

მსგავსი თემები