„შეწყალებისთვის მარგველაშვილსაც მივმართეთ, ბეჟანიძის შეწყალება სამართლიანობის აღდგენაა“ – ადვოკატი  

დავით ოთხმეზურის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატის განცხადებით, მან შეწყალების თხოვნით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსაც მიმართა. როგორც ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობდა არ იცის, თუმცა, მან ნამდვილად უდანაშაულო პირი შეიწყალა.

„ადვოკატები შეწყალების სუბიექტურ გარემოებებს არ ვაფასებთ. რას ფიქრობდა საქართველოს პრეზიდენტი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ობიექტურად გამოვიდა  ის, რომ უდანაშაულო პირი, რომელიც სასჯელს იხდიდა უკანონოდ, სრულიად გათავისუფლდა. შეწყალების თხოვნით, დაცვის მხარემ როგორც ძველ, ისე ახალ პრეზიდენტს მიმართა. გიორგი მარგველაშვილისგან შეწყალებაზე უარი არ მიგვიღია, ეს არასწორი ინფორმაციაა. დაემთხვა ისე, რომ იყო არჩევნები და შესაბამისად შეწყალება არ მომხდარა. ზურაბიშვილსაც და მარგველაშვილსაც მხოლოდ ერთხელ მივმართეთ“ – განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.

როგორც ირაკლი ჩომახაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ასლან ბეჟანიძე მხოლოდ სასჯელის ნაწილში შეიწყალა.

„პრეზიდენტმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასჯელის ნაწილში შეიწყალა. სასჯელის ნაწილში შეწყალება არ გულისხმობს დანაშაულისგან განთავისუფლებას.  ეს არ ნიშნავს, რომ ასლან ბეჟანიძე გამართლებულია. ჩვენ გამართლებას დაველოდებით მაშინ, როდესაც ევროპის დაადგენს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას. შეწყალება არ გულისხმობს იმას, რომ სასჯელის ნახევარი, ან 1/3 – 1/4 უნდა გქონდეს მოხდილი. შეწყალება შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დროს.  კარგად უნდა გავიაზროთ, რომ შეწყალება არაა დანაშაულის მოხსნა. ეს არის სასჯელისგან განთავისუფლება. შეწყალება არ გულისხმობს უდანაშაულო ადამიანის შეწყალებას, ეს არის პატიება. მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ სასამართლო პირობებში ისჯებიან უდანაშაულო ადამიანები, აუცილებელია ყველამ გამოვიყენოთ შესაბამისი ბერკეტი“- განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

არჩილ ჩომახაშვილი, მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულის შეწყალებას სამართლიანობის აღდგენად აფასებს.

„თუ ისმის კითხვა რატომ მოხდა ასლან ბეჟანიძის შეწყალება, ჩვენთვის, ეს არის სამართლიანობის აღდგენა.  ასლან ბეჟანიძის შეწყალებით აღდგა სამართლიანობა. ის ამ ეტაპზე არის თავისუფალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო ძალიან გაუარესებული და ვთვლი, რომ ფაქტობრივად, ვერ უძლებდა პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონოდ ყოფნას“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები