„შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადება არასწორია“ – დეკანოზი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

დეკანოზი ვახტანგ დავითაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მორატორიუმის გამოცხადება, პატიმრების შეწყალებაზე არასწორია. როგორც დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პატიმართა შეწყალების საკითხში, საჭიროა ბევრი ადამიანი ჩაერთოს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები.

“ვფიქრობ, პრეზიდენტის მიერ მორატორიუმის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება არ არის. ერთი-ორი ადამიანის დანაშაულის გამო, ყველა პატიმარს არ უნდა შეუწყვიტო კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. მღვდელი თავს ვერავისზე დადებს, მაგრამ ვიცნობ პატიმრებს, რომლებიც დღეს რომ შეიწყალონ, დარწმუნებული ვარ,  დანაშაულს აღარ ჩაიდენენ. რაც მეტი ხალხი იქნება ჩართული პატიმართა შეწყალებაზე, არამარტო სასულიერო პირები, მესამე სექტორი და ა.შ კარგი იქნება. უნდა მოხდეს შეჯერება, რომ ისეთი პატიმარი არ გამოვიდეს ციხიდან, ვინც ისევ დანაშაულს ჩაიდენს,” – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაიამ.

დეკანოზის განმარტებით, საპატრიარქოში არსებობს მძიმე დანაშაულის მუხლი, რომლის მიხედვითაც, არცერთი პატიმრის მიმართ რეკომენდაციის გაწევა შეწყალების თაობაზე არ შეიძლება.

“არის რამდენიმე მუხლი და თუ თუ პატიმარი ამ მუხლით იყო გასამართლებული, საპატრიარქოდან არავინ თხოვდა პრეზიდენტს მის შეწყალებას. ეს არის  გაუპატიურება, განზრახ მკვლელობა, პედოფილია და ნარკოტიკის გავრცელება. პატიმარს, რომც მოენანია დანაშაული, საპატრიარქო, ეკლესია ვერ სთხოვდა პრეზიდენტს მის შეწყალებას,” – განაცხადა დეკანოზმა ვახტანგ დავითაიამ “მედიაცენტრ მთავარში” და დასძინა, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში, მათი რეკომენდაციების გათვალისწინება თითქის არც ხდებოდა.

“ჩვენ ვერავის ვიწყალებთ, მხოლოდ შუამდგომლობას ვაყენებთ პრეზიდენტთან და ვთხოვთ განიხილოს მისი შეწყალების საკითხი. რამდენად ითვალისწინებენ ეკლესიის აზრს ეს მეორე საკითხია. წინა ხელისუფლების დროს, ვისაც დავუწერე დახასიათება და რეკომენდაცია გავუწიე, არ მახსოვს გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას” – აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, შეწყალება პატიმარმა უნდა გაამართლოს და მისი ცხოვრება მოკრძალებული გახადოს. “თუ ადამიანს იწყალებენ, ადამიანმა უნდა გაამართლოს შეწყალება. როცა პატიმარს იწყალებენ, ეს ნიშნავს მის მიმართ დიდ ნდომას და მან ეს ნდობა და შეწყალება უნდა გაამართლოს. რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან პატიმართა შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას, ვფიქრობ, არ არის სწორი გადაწყვეტილება“ –  განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები