„შეწყალებაზე კომუნიკაცია უშუალოდ პრეზიდენტთან გვქონდა, მან იცოდა, რას აწერდა ხელს“ – რამაზ დევაძის ადვოკატი

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული რამაზ დევაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ადრეც უნდა მომხდარიყო.

ადვოკატმა თეონა ქორიძემ, მომხდარ უბედურ შემთხვევაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და განაცხადა, რომ შეწყალების გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა მიიღო.

„შარშან, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც მივმართეთ. გვითხრეს, რომ ცოტა დაგვეცადა და მომდევნო წელს შეგვეტანა განცხადება. როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მივმართეთ, მივიღეთ თანხმობა და ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ, მომხდარი ამბავი სწორად და ისე მივიტანეთ პრეზიდენტთან, როგორც ეს რეალურად იყო და რაც კადრებშიც კარგად ჩანს. ეს არ იყო განზრახ მკვლელობა, ეს იყო გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა. კომუნიკაცია უშუალოდ პრეზიდენტთან გვქონდა და მან იცოდა, რას აწერდა ხელს“ – განაცხადა რამაზ დევაძის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება საქმის ისტორიას, მან საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და იმ ვიდეოკადრებზეც ისაუბრა, რომელიც დეტალურად ასახავს მომხდარ ფაქტს მისი დაწყებიდან დამთავრებამდე. ვიდეომასალაში ჩანს, როგორ ადებს კლუბში მყოფი თარაშ მუკბანიანი იარაღს კლუბში მყოფ სხვა მამაკაცს და ჩანს ისიც, რომ რამაზ დევაძე მუკბანიანის გაყვანას და იარაღის წართმევას ცდილობს, რა დროსაც გადატენილი იარაღი ვარდება.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ რამაზ დევაძეს 12 წელი მიუსაჯა. მან საპატიმროში 4 წელი და 8 თვე გაატარა. პრეზიდენტმა ის შეიწყალა.

https://mcm.ge/http-mcm-ge-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%91%e1/
https://mcm.ge/%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%a7%e1%83%9d-%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%94%e1%83%93%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%95%e1%83%94%e1%83%95/

მსგავსი თემები