„შეძლებთ, 24-საათიან რეჟიმში ყველა პატიმარს უპასუხოთ? ასწევთ ამ ტვირთს? ჩვენ მზად ვართ“ – წულუკიანი ლომჯარიას

„ნუ ამტვრევთ ღია კარს – დღესვე შეგვიძლია, ყველა პატიმარს მივცეთ 24-საათიან რეჟიმში სახალხო დამცველის აპარატში დარეკვის უფლება. ასწევთ ამ ტვირთს?“ – იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს მიმართა, შექმნას ეფექტური ცხელი ხაზი რომლის თანამშრომლებიც 24-საათიან რეჟიმში შეძლებენ პატიმრებისათვის პასუხების გაცემას.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილი ამისათვის საჭირო არაა, რადგან ის ფიქრობს, რომ პატიმრებს ასეთი უფლება უნდა ჰქონდეთ.

„პირველ რიგში, თქვენ გჭირდებათ უფრო მეტი პასუხები, როდესაც პატიმრები მოგმართავენ და ვერავითარ თქვენს კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, თითქოს თქვენამდე საჩივრების ან განცხადებების მოტანა ვერ ხდება, ვერ მივიღებ. არც ამ ანგარიშის შემუშავებამდე, არც მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლოში გვიჩივლებდით, დასანანია, რომ თქვენ მე არ შემომთავაზეთ სამუშაო რეჟიმში შეხვედრა იმისათვის, რომ ჩვენ კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთად გვეფიქრა, როგორ ვუპასუხოთ პენიტენციურ სისტემაში მართლაც არსებულ გამოწვევებს“ – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის კრიტიკას საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე.  

მინისტრმა უფლებადამცველი ღია კარის მტვრევაში დაადანაშაულა და წინადადებაც შესთავაზა.

„რატომ ამტვრევთ ღია კარს? მე ვფიქრობ, არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ პატიმრებს მივცეთ უფლება, 24 საათის განმავლობაში, როცა მოესურვებათ, დარეკონ თქვენთან. ასწევთ ამ ტვირთს? თუ ასწევთ ამ ტვირთს, ხვალვე რომ გითხრათ, ძალიან ცუდ საქმეს გაგიკეთებთ. ჩვენ ხვალაც შეგვიძლია. ავიღოთ ერთი თვე. ყველა პატიმარს, 24- საათიან რეჟიმში შეეძლება თქვენთან ცხელ ხაზზე დარეკვა, თუ ეს არის თქვენი სურვილი. და, თუ პატიმარი ღამე დაგირეკავთ და მისვლას გთხოვთ, იყოლიეთ თანამშრომლები, ვინც ღამე მივა ციხეში“, – მიმართა თეა წულუკიანმა ომბუდსმენს.

მსგავსი თემები