“შეჩერებული მშენებლობები დროულად უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე ბიზნესმენებს შეხვდა 

თბილისში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრეს დედაქალაქის მერთან გამართულ შეხვედრაზე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებმა.

კახა კალაძე დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალურ თანადგომას დაჰპირდა, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით დროულად მოგვარდეს.

კალაძის თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე ისაუბრეს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტზეც. თბილისის მერმა სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.​

“დაინტერესებულ კომპანიებს მაქსიმალურად დავუჭერთ მხარს, რათა დედაქალაქში შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც ასეთი ობიექტები ქმნიან, მათ შორის, ქალაქის იერსახის დამახინჯებისა და ანტისანიტარიის თვალსაზრისით, დროულად მოგვარდეს. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

შეხვედრას ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძე, ასევე, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები