შესაძლოა, შაქარაშვილზე ანგარიშსწორების მიზეზი დაბადებს დღეზე მყოფი გოგონა ყოფილიყო

მ.ხ. ის გოგონაა, რომელიც გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილს მოსწონდა და ვინც, საბედისწერო ღამეს, დაბადების დღეზე იმყოფებოდა. საქმის ერთ-ერთი  მოწმე, გიორგი შაქარშვილის მეგობარი ლუკა გუგავა იხსენებს, რომ გიორგი დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად  სწორედ  ამ გოგოს გამო ემზადებოდა.

„ჩემი უახლოესი მეგობრები არიან გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ განსვენებული გიორგი შაქარაშვილი. ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, სკოლის პერიოდიდან… ბევრ დროს ვატარებდით ერთად და ერთმანეთის ბევრი საიდუმლო ვიცოდით. მე, გურამ ამირხანაშვილი, ოლეგ ბობოხიძე და აწ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი გარდა ახლო მეგობრობისა, ასევე ერთი უბნელებიც ვიყავით. ჩვენს უბანში, ვაზისუბნის დასახლებაში ცხოვრობენ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელი, რომლებიც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მოცეკვავეები არიან და ცეკვავენ „ქვინ დენს სტუდიოში“. გიორგი შაქარაშვილი 2018 წლის შემდეგ მეგობრობდა მარიამ ხატისკაცთან, ისინი ხშირად დადიოდნენ ხოლმე ერთად. 2020 წლის მაისის დასაწყისში, ზუსტი დრო არ მახსოვს, გიორგი შაქარაშვილმა მე და ოლეგ ბობოხიძეს გვითხრა, რომ მოსწონდა მარიამ ხატისკაცი და მასთან აყალიბებდა სასიყვარულო ურთიერთობას. ასევე გვითხრა, რომ მოწონება ორმხრივი იყო და მარიამ ხატისკაცსაც მოსწონდა იგი. მოკლედ, ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდათ“ – წერს მოწმე.

მისივე ჩვენებიდან ირკვევა, რომ გიორგი შაქარაშვილს, გოგონამ მოგვიანებით, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს მისწერა რომ არ მოსწონდა.

„მახსოვს, შეტყობინებაში ეწერა: „მგონი აღარ მომწონხარ“, გიორგის პასუხის ფორმულირება აღნიშნულ შეტყობინებაზე მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა, შინაარსობრივად იგი გაოცებას გამოხატავდა მარიამის შეტყობინებაზე და შემდეგში მისი ნახვა უნდოდა სიტუაციაში გასარკვევად“ – ყვება გიორგი შაქარაშვილის მეგობარი მოწმე.

როგორც ჩვენებიდან ირკვევა, აღნიშნული გოგონაც იყო დაპატიჟებული ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე.

„გიორგი დაბადების დღემდე რამდენიმეჯერ ვნახე, იგი გახარებული იყო და ემზადებოდა დაბადების დღეზე წასასვლელად. ზოგადად, გიორგი ასეთ საკითხებთან მიმართებაში ძალიან პედანტური იყო, ამ დაბადების დღეზე წასასვლელადაც რამდენიმე ხნით ადრე დაიწყო მზადება, რაც გამოიხატებოდა წინასწარ ტანსაცმლის შერჩევაში, ტრანსპორტის ხარჯების შეგროვებაში და ა.შ. 18 ივნისს, შუადღის საათებში, გიორგიმ დამირეკა ოლეგის მამის ტელეფონის ნომრიდან და მთხოვა, მისთვის მეთხოვებინა ჩემი ჩანთა. მე საკუთრებაში მქონდა მცირე ზომის, მუქი ლურჯი ფერის, წელზე შემოსახვევი ჩანთა, ე.წ. „ბარსეტკა“, რომელიც მთხოვა გიორგიმ, რომ მისთვის მეთხოვებინა“ – წერს მოწმე ჩვენებაში.

გიორგი შაქარაშვილის გოგონასთან დაშორების მიზეზზე მოწმე ასე პასუხობს: „წარმოდგენა არ მაქვს, რის გამო დაშორდა მარიამ ხატისკაცი გიორგი შაქარაშვილს, არ ვიცი სხვა ვინმესთან აქვს თუ არა ურთიერთობა, ასევე არ ვიცი, სხვა პირს უყვარს თუ არა მარიამ ხატისკაცი და ასეთის არსებობის შემთხვევაში, იმყოფებოდა თუ არა იგი 2020 წლის 18-19 ივნისის ღამეს მცხეთაში“.

მორიგ კითხვას, ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღეზე, მოწმის პასუხი შემდეგია: „არ ვიცი, ვინ დაპატიჟა გიორგი შაქარაშვილი. მგონია, რომ მარიამ ხატისკაცი, ლიზი ნადირაძე და ლიზი ქსოვრელიდან ერთ-ერთმა, უფრო ლიზი ნადირაძე მგონია. მგონი ასე მოვისმინე ვიღაცისგან, ოღონდ, სად და როდის, არ ვიცი. გიორგისგან მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ანი გაბეჩავა იყო მარიამ ხატისკაცის, ლიზი ნადირაძის და ლიზი ქსოვრელის დაქალი და მათი მხრიდან მიდიოდა დაბადების დღეზე.“


მსგავსი თემები