შესაძლოა, საპენსიო პროგრამაში ჩართვა, ნებაყოფლობითი გახდეს?! – ლევან სურგულაძე „მედიაცენტრ მთავართან“

მიმდინარე წლის იანვრიდან ქვეყანაში ახალი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. სქემის მიხედვით, თითოეული მოქალაქე, ვინც ანაზღაურებას ოფიციალურად იღებს, სისტემაში ავტომატურად ერთვება. დასაქმებულს კი, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, მაგრამ არ სურს იყოს პროგრამის მონაწილე, აქვს უფლება, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

სიახლემ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, უნდობლობა გამოიწვია, ჩნდება უამრავი კითხვა, რაზეც საზოგადოებას კონკრეტული პასუხი სჭირდება. მათი უმეტესობა სქემაში ავტომატურად ჩართვის წინააღმდეგია და არჩევანის თავისუფლებას მოითხოვს.

დაგროვილ საკითხებთან დაკავშირებით, „მედიაცენტრი მთავარი“ საპენსიო სააგენტოს დირექტორს ლევან სურგულაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, რეფორმა ქვეყნის ეკონომიკისა და თითოეული ადამიანის სარგებელზეა გათვლილი, გარკვეული ჯგუფების ეჭვები კი დაუსაბუთებელია.

ლევან სურგულაძე: ეს რეფორმა ხალხისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის სარგებლობის მომტანი, ძალიან მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება. პროგრამაში ჩასართავად ამ ეტაპზე მობილიზებულია 25 ათასამდე კერძო და 60 ათასამდე საბიუჯეტო ორგანიზაცია. თუმცა, ჩვენი ვარაუდით, მათი რაოდენობა თებერვლის პირველი რიცხვებიდან გაიზრდება და როცა უკვე ყველა ორგანიზაცია დარეგისტრირდება, სრული სურათიც გვექნება. ბოლო მონაცემებით, პროგრამის ფარგლებში 20 მილიონ ლარზე მეტია შემოსული.

„მედიაცენტრი მთავარი“: რეფორმის მიმართ საზოგადოებაში უამრავი ეჭვი და ვარაუდი არსებობს. კრიტიკა ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც. ისინი ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკად ინფლაციასა და ვალუტის კურსის ცვლილებას ასახელებენ. თქვენ, პირადად რა რისკებზე შეგიძლიათ საუბარი?

ლევან სურგულაძე: ეს არის დაუსაბუთებელი შეფასებები, რადგან, ინფლაცია აქ განსახილველი თემა არ არის, რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, რომ საპენსიო სქემა ითვალისწინებს 300 პროცენტიან დანარიცხს თავიდანვე, სქემაში ჩართვისთანავე. ინფლაცია დღეს საქართველოში არის პროცენტნახევრიდან ორ-სამ პროცენტამდე. ამ შემთხვევაში, ზემოდან დარიცხულ სამას პროცენტს თუ გავითვალისწინებთ, ინფლაცია კიდევაც რომ გაიზარდოს, მას აუცილებლად დახვდება ფინანსური მოგებაც, შესაბამისად, ეს ამონაგებიც გაიზრდება. ასევე, ინფლაცია ნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, შემოსავლები ეზრდება ხალხს და ამიტომაც გაიზარდა ფასები. შესაბამისად, თუ შემოსავლები გაიზარდა, განაკვეთებიც გაიზრდება.

„მედიაცენტრი მთავარი“: თუმცა, ვალუტის კურსიდან გამომდინარე, შესაძლოა დღევანდელი ლარი, წლების შემდეგ, იმდენად გაუფასურდეს, რომ ჩვენმა დანაზოგმაც ფასი დაკარგოს...

ლევან სურგულაძე: ესეც არაპროფესიონალის შეფასებაა, რაც მსყიდველუნარიანობასთან ნაკლებ კავშირშია. ლარი ისე ვერ გაუფასურდება, რომ ადამიანი ამ კონკრეტულ შემთხვევაში წაგებული დარჩეს. შესაბამისად, რაზეც საუბრობენ, ეს უფრო აპოკალიფსურ სცენარს გავს.

„მედიაცენტრი მთავარი“: როცა გაქვთ შეხვედრები ბიზნესმენებთან, ეკონომისტებთან, სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რა კუთხით სვამენ კითხვებს და რა ეჭვებს გამოთქვამენ რეფორმასთან მიმართებაში?

ლევან სურგულაძე: ძირითადად, კითხვები თანხის განკარგვას ეხება. პასუხი კი შემდეგია: სააგენტო შექმნილია საუკეთესო დასავლური სტანდარტების მიხედვით, გვყავს მაღალი პროფესიონალებით, საქმის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ადმინისტრაციული გუნდი, სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელი და გამიჯნული საინვესტიციო ნაწილი. ერთადერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ისაა, რომ შევქმნათ დივერსიფიცირებული პორთფელი, სადაც ძალიან მცირე ნაწილი შეიძლება იყოს განთავსებული სამთავრობო ქაღალდებში.

„მედიაცენტრი მთავარი“: საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით მოქალაქეებისგან არერთი კითხვა მივიღეთ. მაგალითად, თუ ადამიანს აქვს ორი სამსახური, საპენსიო ფონდში თანხის გადარიცხვა ორივე სამსახურიდან ეკუთვნის?

ლევან სურგულაძე: რა თქმა უნდა, ორივე სამსახურიდან. ადამიანი თანხას ორივე სამსახურიდან ზოგავს, რაც მის საპენსიო ანგარიშზე ირიცხება. თუ ერთი სამსახურიდან ზოგავს ორჯერ მეტს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საპენსიო ანგარიშზე, ოთხჯერ მეტი დაუჯდება.

„მედიაცენტრი მთავარი“: პიროვნებას, რომელიც 40 წელს ზემოთ არის, აქვს უფლება, პირველი აპრილიდან, ორი თვის განმავლობაში დაწეროს განცხადება და პროგრამაში ჩართვაზე უარი თქვას. თუ ის უარს იტყვის პროგრამაში ჩართვაზე, სამი თვის განმავლობაში დაგროვებული თანხა ეკარგება?

ლევან სურგულაძე: თუ პიროვნება, კანონის ამოქმედებამდე 40 წლის იყო (კანონის ამოქმედების დროს, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, მაგრამ არ იყო, ქალბატონების შემთხვევაში 55 წლის, მამაკაცების შემთხვევაში კი – სამოცი წლის), მაშინ ის პირველი იანვრიდან ავტომატურად გაწევრიანდა პროგრამაში. ამ შემთხვევაში, პიროვნებას აქვს უფლება, პირველი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, მივიდეს სააგენტოში და მარტივი განცხადების საფუძველზე, გამოვიდეს პროგრამიდან. განცხადება აღიბეჭდება სისტემაში და ადამიანი თავისუფლდება. სააგენტოს აქვს 69 ლოკაცია ქვეყნის მასტაბით, სადაც შეუძლია მიმართოს მოქალაქემ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, პროგრამიდან გასვლის შემთხვევაში, ყველაფერი დაბრუნდება წყაროსთან, ანუ საიდანაც ჩაირიცხა.

„მედიაცენტრი მთავარი“: თუ მოქალაქე ამჟამად არ მუშაობს, არის 40 წელს ზემოთ და მუშაობას დაიწყებს დარეგისტრირების ვადის გასვლის შემდეგ, ამ დროს რა ხდება?

ლევან სურგულაძე: ადამიანი, რომელიც არ მუშაობს და შესაბამისად, ვერ გაწევრიანდა პირველი იანვრიდან, მაგრამ კანონის ამოქმედების მომენტში იყო უკვე 40 წლის, როდესაც დაიწყებს მუშაობას, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე ავტომატურად გაწევრიანდება პროგრამაში. შემდგომი სამი თვის თავზე, სურვილის შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა, დაწეროს განცადება და უარი თქვას. დღესდღეობით, კანონში ასე წერია, თუმცა შესაძლოა, შეიცვალოს.

„მედიაცენტრი მთავარი“: შეიცვალოს რა მიმართულებით, ნებაყოფლობითი გახდეს? ამ კუთხით, არასამთავრობოებსაც აქვს შენისვნები. ამბობენ, რომ ეს არის ადამიანების უფლებების შეზღუდვა, ჯიბეში ხელის ჩაყოფა და პროგრამაში ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი

ლევან სურგულაძე: ეს პრეტენზიები საკონსტიტუციო სასამართლოშიც შევიდა, რაც, ჩემი აზრით, დაუსაბუთებელია. თუმცა რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო, მისი საქმეა. როგორც გითხარით, ვფიქრობთ იმაზე, რომ, შესაძლოა გაწევრიანება გახდეს ნებაყოფლობითი.

მედიაცენტრი მთავარი“: იმ შემთხვევაში, თუ პიროვნება პროგრამიდან გამოვა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი დაბრუნებას მოინდომებს, როგორია პროცედურები?

ლევან სურგულაძე: მას შეუძლია, პროგრამაში ისევ დაბრუნდეს.

მედიაცენტრი მთავარი“: ვინც პროგრამააში ჩართული არ იქნება, მას სტანდარტულად, სახელმწიფოსგან დანიშნული პენსია ჩვეულებრივ დარჩება?

ლევან სურგულაძე: დიახ, ასეა. ვინც პროგრამაში ჩაერთვება, მიიღებს როგორც დარგოვებით, ასევე კუთვნილ პენსიას, ხოლო ის, ვინც არ იქნება ჩართული, – მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანიშნულ პენსიას.

ვცდილობთ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი და ყველას დავანახოთ, როგორი სარგებლის მოტანა შეუძლია ამ პროგრამას, როგორც თითოეული ადამიანისთვის, ასევე, ქვეყნის ეკონომიკისთვის. წარმოიდგინეთ, ბანკში რომ შევიტანოთ ეს თანხა, რომელი ბანკი მოგცემს სამასპროცენტიან ამონაგებს, ან ვინ დაგისვამს 4-ჯერ მეტ თანხას ანგარიშზე?

ეს სისტემა ყველა განვითარებულ და განვითარებად ქვეყანაში მოქმედებს და ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალურად გამჭვირვალე ინფორმაცია მივიტანოთ საზოგადოებამდე. ამისათვის მუშაობს ჩვენი სააგენტოს ცხელი ხაზი, ვატარებთ ყოველდღიურ ტრენინგებს ბუღალტრებისთვის, გავდივართ ორგანიზაციებში, ადგილზე ვაწვდით მათ ინფორმაციას, ვმუშაობთ დასავლეთში უკვე კარგად აპრობირებული სტანდარტებით და იმედი გვაქვს, მალე, სულ უფრო ნაკლებ ადამიანს ექნება სქემიდან გასვლის სურვილი.

მსგავსი თემები