შესაძლებელია, კერძო სკოლებმა მოსწავლეებს გადასახადი გაუნახევრონ

„კორონავირუსის საფრთხის“ გამო, დისტანციურ სასწავლო პროცესზე გადასვლიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, კერძო სკოლები მოსწავლეებს სწავლის საფასურს გაუნახევრებენ.

აღნიშნული პრობლემით, „მედიაცენტრს მთავარს“ სხვადასხვა სკოლის 54-მა მშობელმა მიმართა. როგორც ისინი აცხადებენ, სწავლის საფასურის გადახდა უჭირთ, რაც კერძო სკოლებმა უნდა გაითვალისწინონ.

ლიკა ბ: „ძალიან ძნელია, ამ პირობებში სწავლის სრული საფასური გადავიხადოთ. ბევრმა დავკარგეთ სამსახური, ბევრი უხელფასო შვებულებაშია, ბევრს გაუნახევრდა შემოსავალი ან საერთოდ არ აქვს. ამიტომ, იქნებ გაითვალისწინონ ჩვენ მდგომარეობა და სწავლის საფასური მინიმუმ გაგვინახევრონ მაინც. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო სკოლებს ხარჯიც ნაკლები აქვთ, სკოლა არ ფუნქციონირებს, ინფრასტრუქტურული ხარჯი არ აქვთ და არც კვების ხარჯი. შესაბამისად, მთავრობას ვთხოვთ, დაგვეხმარონ“ – წერს მშობელი.

ანალოგიური შინაარსით, „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მშობელი წერს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაც დავუკავშირდით. როგორც მინისტრის მოადგილე ეკა დგებუძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, კერძო სკოლები აღნიშნულ პრობლემას გაგებით ეკიდებიან.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა კერძო სკოლების დირექტორებთან და კერძო სკოლების ასოციაციის ხელმძღვანელთან.  ვისაუბრეთ ყველა გამოწვევაზე, რაც კერძო სკოლებს აქვთ ამ ეტაპზე, იყო რიგი საკითხები, რომელიც შესათანხმებელია და ჩვენი პოზიციაა რომ მაქსიმალურად მოხდეს ამ საკითხების შეჯერება. საფასურის განახევრებაც არის  მოლაპარაკების საკითხი ამ თემაზეც გქონდა საუბარი.  სკოლების დირექტორები ძალიან პოზიტიურად და შეგნებულად უდგებიან ამ საკითხს და გამოწვევას“.

კონკრეტულად რა მოლაპარაკებას გეგმავს მთავრობა კერძო სკოლებთან, ამასთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარი“ პრემიერ-მინისტრის აპარატსაც ესაუბრა და შესაბამისი განცხადებაც გაკეთდება.    

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები