“შენობებს სეისმური დაცვა არ აქვთ, ბუნებას ვერ გააჩერებთ, ტრაგედია მოხდება” – თეა გოდოლაძე

ორგანიზაცია “დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ ახალი შენობები სეისმურად დაუცველია, რაც ბუნებრივი კატასტროფებისა და ტრაგედიის საფრთხეს ქმნის. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სეისმოლოგმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

“იცით, რომ სეისმურად აქტიურ, გეოლოგიურად კომპლექსურ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ. გაიხსენეთ 2015 წლის ივნისის ვერეს ტრაგედიაა. ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ კი დატბორვის ზონაში მშენებლობის ნებართვა გაიცა. დოკუმენტურად ყველაფერი წესრიგშია და აცხადებენ, რომ ცხაურებს დავაყენებთ და მშენებლობა უსაფრთხო იქნებაო, თუმცა, ფაქტია, რომ დატბორვის ზონაში მშენებლობა არ შეიძლება. ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ ცხაურები პრობლემას ვერ მოხსნის. დატბორვის არეალში არ უნდა იყოს შენობა. არადა, დატბორვის არეალში კიდევ ორი შენობის აშენების ნებართვაა გაცემული”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

სეისმოლოგის თქმით, მშენებლობებისთვის არა მხოლოდ გეოლოგიურ, არამედ გეოტექნიკურ დასკვნაც უნდა გასცემდნენ, რომელიც ბევრ პარამეტრს მოიცავს. “ჩვენთან მშენებლობა მხოლოდ ერთი პარამეტრით ისაზღვრება. გეოლოგიურ დასკვნას კი არ ერგება ბიზნესმენი, კონსტრუქტორი და ინვესტორი. ფაქტობრივად, იმის გამო, რომ ამ კომპანიამ რაღაც კაპიკები იშოვოს, მიდის გარიგებაზე ინვესტორებთან და ადამიანის უსაფრთხოება ხდება ვაჭრობის საგანი”, – აცხადებს თეა გოდოლაძე.

მისივე თქმით, უნდა დაიმსხვრეს მითი, რომ კომუნისტები ყველაზე კარგად აშენებდნენ.

“1960 წლამდე მსოფლიოს არ გააჩნდა სეისმური ნორმები. შესაბამისად, ის რაც აშენებულია 60 წლამდე, სეისმური დაცვა არ აქვთ. 60 წლის შემდეგაც დაბალ პარამეტრებზეა გათვლილი შენობები. ან ამ სტანდარტებს ფეხი უნდა ავუწყოთ და შევცვალოთ მიდგომები, ან დაველოდოთ და კიდევ მოხდება ტრაგედია, ბუნებას თქვენ ვერ გააჩერებთ, ტრაგედია 50, 100 თუ 200 წლის შემდეგაც განმეორდება. ინფრასტრუქტურული განვითარებას მხარს ვუჭერ, მაგრამ, თუ ეს ყველაფერი უსაფრთხოდ არ გავაკეთეთ, ბუმერანგივით დაგვიბრუნდება”, – აღნიშნა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები