შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი – ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრეზიდენტობის ქალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, კვლავ თამარ მეფეს ადარებს და აცხადებს, რომ არც ერთი მათგანი შემთხვევით არ მოხვედრილა ქვეყნის მართვის სადავეებთან.

მისვე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი იდეალური საპრეზიდენტო კანდიდატია. მმართველ პარტიას კი სურს, ქვეყანაში ინსტიტუტები განვითარდეს. სწორედ აქედან გამომდინარე უჭერენ ისინი მხარს ზურაბიშვილს.

“როგორ ბედავენ მის (სალომე ზურაბიშვილს) ენასა და აქცენტზე ყურადღების გამახვილებას? სალომეს დედაც კი საფრანგეთში დაიბადა, სალომეს მამამ ვერ თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი და ვერ მიიღო საფრანგეთის. ეს არის ჩვენი იდენტობა, რაზეც ჩვენ ვდგავართ. როგორ მოახერხეს და სალომეს ასეთი ქართული ასწავლეს?! ჯერ დედამ ისწავლა ქართული, შემდეგ სალომემ და ახლა ნახეთ მისი შვილები – ქართულად აღზარდა. აი ეს არის რასაც ვხედავთ – ევროპელი ქალბატონი”, – აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც ყოფილი პრემიერი ამბობს, სალომე ზურაბიშვილის მიმართ მორიდებული და მოწიწებული დამოკიდებულება აქვს. თავისი ხასიათით აბსოლუტურად დამოუკიდებელია, თავისი ხედვები, საკუთარი პრაქტიკა და გამოცდილება აქვს.

“გემოვნება აქვს ძალიან კარგი. საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა იყოს ასეთი. ის, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, პირველ რიგში ის ავტორიტეტი, გამაერთიანებელი, ზეპარტიული უნდა იყოს. თუ კი რამ ასეთ ფუნქცია სჭირდება პრეზიდენტს, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ამასთან შესატყვისობაში მოდის. აბა შეხედეთ მეორე კანდიდატს – არცერთ პირობას არ აკმაყოფილებს”, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ერთადერთი კანდიდატი იყო, ვინც კულტურულად იქცეოდა. მას “პატარა კაცები, მცირე კაცები?! ებრძოდნენ”, მაგრამ  სალომე ზურაბიშვილმა ამას გაუძლო. თუმცა ამ ყველაფერს გარკვეული ემოციები დასჭირდა.

​ექსპრემიერმა სალომე ზურაბიშვილის წინაპრებზეც ისაუბრა: “როგორ მოახერხეს და სალომეს ესეთი ქართული ასწავლეს. ჯერ დედამ ისწავლა, შემდეგ სალომემ და ნახეთ სალომეს შვილები. მერე ქალბატონი, მერე ევროპელი, რაც ჩვენ გვინდა.ჩვენ ვიცით ქალის პატივისცემა. შემთხვევითი არ იყო არც თამარ მეფე, არც ქალბატონი სალომეა შემთხვევითი, ეს ხომ ჩვენი ფესვებია”.

მსგავსი თემები