“შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება” – ბაია პატარაია

უკვე რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ 7 წლის მოზარდის ვიდეოს, სადაც გოგონა მაკიაჟითა და მოშიშვლებული კაბით ცეკვავს. საზოგადოების ნაწილი, გოგონას მიმართ დადებითად განეწყო, ნაწილი კი აღაშფოთა.

ვიდეოს უფლებადამცველი ბაია პატარაია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულზე მან უკვე მიმართა შსს-ს. 

“გული მაქვს გახეთქვაზე. 7 წლის გოგოს აცვია პენუარი, უჩანს საცვალი და ცეკვავს დაახლოებით ისე, როგორც სტრიპტიზ ბარში ცეკვავენ; ანუ არის ჰიპერსექსუალიზირებული, დასწავლილი მოძრაობებით, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიმართულია სექსუალური ლტოლვის აღძვრაზე. ამ ვიდეოებს აქვს ათასობით ნახვა, ზოგი ბოროტად იყენებს და ზოგი რატომღაც ვერ ხვდება, რომ ბავშვი არ შეიძლება წარმოვაჩინოთ სექსუალურ ობიექტად.

განათლების სამინისტროს საღათას ძილით სძინავს საპატრიარქოს და ვასაძისებრთა შიშით, სქესობრივი უმეცრება და პედოფილია კი ყვავის ქვეყანაში.

ბოლო 6 თვეში 28 პირს შეეფარდა პატიმრობა არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილ ქმედებაზე. შსს-ს უკვე მივმართე და გარკვეული ნაბიჯები უკვე დაგეგმილი აქვთ.

შეიბრალეთ თქვენი ქალიშვილები, ნუ წაართმევთ ბავშვობას, ქალობას ისედაც მოესწრება, ნუ აქცევთ პატარა გოგონებს პედოფილების სამიზნედ. ბავშვის სექს-ობიექტად გადაქცევა არის საზიანო და ძალიან საშიში პრაქტიკა”, – წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში.

7 წლის გოგონას დედა, რომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს სკანდალი მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ბავშვი და მისი მშობლები “სექსუალური” ჩაცმისა და ბავშვისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო გააკრიტიკა:

“ეს ჩემი შვილია, 7 წლის. არავის არაფერს ვუმტკიცებ, მაგრამ უმაკიაჟოადაც ბრილიანტი მყავს. აი, თქვენ კი თქვენს ნაკლს ვერ ხედავთ და სხვას აკრიტიკებთ. ჩემი შვილის ჩაცმა-გამოპრანჭვას თქვენ ნამდვილად არ შეგეკითხებით. თქვენ მაგაზე არ იდარდოთ, თქვენს თავს მიხედეთ. ის კი ნამდვილად ვიცი, თქვენნაირ სულით მახინჯ ადამიანად ნამდვილად არ აღვზრდი. მადლობა ყურადღებისათვის”, – წერს ბავშვის დედა.

მსგავსი თემები