„შევძელით, გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა   კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე – აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

„არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც  ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში, საქართველოში მყოფი   სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა თხილის მოსავალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თხილი გადარჩა: „ წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით.  ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში”.  

მსგავსი თემები