შახტის კოსერვაციაც სერიოზული საშიშროებაა – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მიიჩნევს, რომ იმ შემთვევაში, თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს ტყიბულის მინდელის სახელობის შატხში უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას, ობიექტის კონსერვაცია გარდაუვალი იქნება, ეს უნდა მოხდეს ადგილზე ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნით, რათა ისეთი მნიშვნელოვანი სასაზღვრო რეგიონი, როგორიც ტყიბულია, მოსახლეობისგან არ დაიცალოს.

​როგორც დიმიტრი ხუნდაძემ მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, მეორე მხრივ გარკვეული საფრთხის შემცველია შახტის კონსერვაცია. კერძოდ, შახტის კონსერვაციის ერთ-ერთი მეთოდი არის მისი წყლით შევსება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში კითხვის ნიშანს ბადებს, თუ ობიექტი როდესმე განაახლებს მუშაობას, მისი წყლით სავსეობა შექმნის პრობლემას.

​მისივე თქმით, აუცილებელია ვენტილაციის სისტემა იყოს გამართული, სხვა შემთხვევაში მოხდება ფეთქებადსაშიში აირების დაგროვება და შესაძლოა ბევრად მასშტაბური ტრაგიკული შედეგების წინაშე აღმოვჩნდეთ.

“რადგან ტრაგიკული შემთხვევების ფაქტები გახშირებულია, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სადღაც, რაღაც დაგვიანდა. მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. თუ კი მეწარმე ვერ შეძლებს ობიექტის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, რათა მოხდეს ასეთი ფაქტების მინიმალიზაცია, დღის წესრიგში უნდა დადგეს ობიექტის დახურვის საკითხი, ან სახელმწიფომ აიღოს ვალდებულება ობიექტი გადავიდეს მის მართვაში და მან უზრუნველყოს ამ სტანდარტების დაცვა”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას, რომ გამოძიების დასრულებამდე, სანამ არ დადგინდება აფეთქების მიზეზი და არ განხორციელდება თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული რეალური ცვლილებები, მანამდე უნდა გაჩერდეს შახტა.

“ტყიბულში, ფაქტობრივად ერთადერთი დასაქმების ობიექტი არის შახტა, სადაც 1500 ადამიანი მუშაობს და 700-800 ადამიანს აქვს განცხადება დაწერილი სამუშაო მიღების იმედით”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

 

მსგავსი თემები