შარლ აზნავური გარდაიცვალა – ნამდვილი ფრანგი სომხური ფესვებით

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მწუხარებას გამოთქვამს საფრანგეთში მოღვაწე ეთნიკური სომეხი მუსიკოსისა და შემსრულებლის, შარლ აზნავურის  გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი შედევრები მასზე გაცილებით დიდხანს დარჩება.

„ის ნამდვილი ფრანგი იყო და, ამასთან, ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი საკუთარი სომხური ფესვები. მას მთელი მსოფლიო იცნობდა. შარლ აზნავურის სანიმუშო ნამუშევრები თან სდევდა სამი თაობის ლხინსა თუ ჭირს“, – წერს მაკრონი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობილი მომღერალი, პოეტი და მსახიობი, შარლ აზნავური 94 წლის ასაკში, საფრანგეთის სამხრეთში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ამის შესახებ AFP -ი არტისტის წამომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება. გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.  ​

​შარლ აზნავური XX საუკუნის ერთ-ერთ მთავარ, ფრანგ შემსრულებლად მიიჩნევა. თავისი კარიერის მანძილზე მან დაწერა 1300 -ზე მეტი კომპოზიცია. მისი ფირფიტები 180 მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, მას 60-მდე კინოროლი აქვს შესრულებული.

აზნავურის სიმღერების ძირითადი შემსრულებლები იყვნენ მირეი მატიე, ბობ დილანი, ლაიზა მინელი და ხულიო იგლესიასი. მისი ერთ-ერთი მთავარი სიმღერა “ბოჰემა” ეძღვნება პარიზის მონმარტზე გატარებულ მის ახალგაზრდობის წლებს. ამ სიმღერას ის, თავის თითქმის ყველა კონცერტზე ასრულებდა. ჩაწერილი აქვს ამ სიმღერის ინგლისური, გერმანული, იტალიური, ესპანური, პორტუგალიური და რუსული ვერსია.

მისი კიდევ ერთი ცნობილი სიმღერა “სიცოცხლე სიყვარულში” (Une Vie Dʼamour) პირველად გაჟღერდა 1980 წელს გამოსულ, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ერთობლივ ფილმში “თეირანი – 43” . სიმღერა მაშინვე შეიყვარა საბჭოთა მსმენელმა, თუმცა საფრანგეთში ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მირეი მატიემ შარლ აზნავურთან დუეტში შეასრულა.

შარლ აზნავურის გასტროლები 2019 წლამდე იყო გაწერილი, მაგრამ, 2018 წლის აპრილში, რუსეთში გასტროლების წინ, იგი საავადმყოფოში დააწვინეს, რის გამოც კონცერტები გააუქმა.

მსგავსი თემები