შავი, ნაცრისფერი და ლურჯი გამონაბოლქვის გამო ავტომობილები დახარვეზდება

ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვის კონტროლი გამკაცრდება. არსებულ რეგულაციას გამონაბოლქვის მოჭარბებული კვამლიანობის კონტროლის კომპონენტი დაემატა.

ბენზინის ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდება, თუკი ვიზუალური შემოწმებისას მოჭარბებული კვამლის შეფერილობა იქნება შავი, ნაცრისფერი ან / და ლურჯი. ანალოგიურად შემოწმდება დიზელის ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც.

აღნიშნული ცვლილება საქართველოს მთავრობამ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეგლამენტში შეიტანა.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ავტომობილი რამდენიმე კრიტერიუმით მოწმდება. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელია.

ბენზინის ძრავიან ავტომობილებში CO-ს მაჩვენებლის ზრდა რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს: კატალიზატორის არ არსებობა – თუ კატალიზატორიან ავტომობილში კატალიზატორი არის მოხსნილი, ამ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ CO-ს მაჩვენებელი იქნება დასაშვებ ნორმაზე მაღალი.

იმ შემთხვევაში თუ ჰაერის ფილტრი გაბიდნილია, ძრავას არ მიეწოდება იმ რაოდენობის ჰაერის ნაკადი, რაც ბენზინის სრული წვისთვის არის აუცილებელი, რა შემთხვევაშიც ავტომობილის გამონაბოლქვი არ შეესაბამება დასაშვებ ნორმებს.

აალების სანთლები – თუ ნაპერწკალი დროულად არ მიეწოდა ცილინდრს (წვის კამერა), სადაც ბენზინის ფეთქდება, საწვავი რჩება დაუწვავი, რა შემთხვევაშიც გამონაბოლქვში CO-ს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება.

ე.წ “ბაბინები” – თუ ბაბინები დროულად არ მიაწვდის აალების სანთლებს ელექტრო იმპულსს, ვერ მოხდება საწვავის სრული წვა, რა შემთხვევაშიც ცილინდრში (წვის კამერა) დაუწვავი საწვავი დარჩება, რაც ასევე CO-ს მაჩვენებლის ზრდას გამოიწვევს.

CO-ს მაღალი მაჩვენებელი საზიანოა როგორც ავტომობილისთვის, ისე გარემოსა და თქვენი ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, ეს ფაქტორები ძრავის არასტაბილურად (დეტონაციებით) მუშაობასაც იწვევს და ზრდის საწვავის მოხმარებას.

რაც შეეხება დიზელის ძრავიან ავტომობილებს, ავტოინსპექტირების პროცესში, გამონაბოლქვში შთანთქმის კოეფიციენტი შესაძლოა მაღალი დაფიქსირდეს.

მსგავსი თემები