“ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა, რის შედეგად ვარ მე დღეს აქ” – ვაჟა გაფრინდაშვილი

“ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთი პრობლემის წინაშე გაერთიანდა, რის შედეგადაც, დღეს მე ვარ თბილისში”, – ამის შესახებ ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა თბილისში ვიზიტად მყოფ ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს პადრე ჯუზეპემ აქ მოგვიწვია კარდინალთან შესახვედრად. ნამდვილად, მე რაც არ მქონდა ინფორმაცია, დღეს გადმომცეს. მგონი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ყველა კონფესიის წარმომადგენელი გავერთიანებულვართ ერთ პრობლემაზე მსჯელობით. ეს არ არის ჩემი წარმატება, ეს არის ჩვენი ყველას წარმატება. გაერთიანება მოხდა რაღაცით, პრობლემის გარშემო და ამ გაერთიანების შედეგად ვარ მე დღეს აქ, თბილისში“,- აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს ეწვია, სადაც კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან ერთად მწერლები, პოეტები და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი თემები