“ყუფარაძე უდანაშაულოა, იგივე ბრალდებით ყველა იქ მყოფი შეიძლება მისცე პასუხისგებაში” – ადვოკატი (ვიდეო)

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმისთვის დაკავებული პეტრე ყუფარაძის ადვოკატი ვაჟა არობელიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, უდანაშაულოა.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულის უფლებადამცველი „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ბავშვობის მეგობარი პეტრე ყუფარაძე, დაჭრილს მხოლოდ ეხმარებოდა და მას, პოლიციასთან ერთად, საავადმყოფოშიც თვითონ გაჰყვა:

„პეტრე ყუფარაძეს არა აქვს დანაშაული ჩადენილი. არც საქმეში და არც მოსამართლის განჩინებაში, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სანამ სასწრაფო და პოლიცია მოვიდოდა, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა, დაჭრილი ცოტნე რომ ნახა, რომელსაც მხარზე ჭრილობა შეამჩნია, დააწვინა და პატრონობდა. პოლიცია როცა მოვიდა, იკითხა რაშია საქმეო, იცნეს ცოტნე, ამის შემდეგ მოვიდა სასწარფო დახმარების მანქანა, საკაცეზე თვითონ დააწვინა ყუფარაძემ ცოტნე გამსახურდია და პოლიციასთან ერთად გაჰყვა საავადმყოფოში.  ისმის კითხვა, რას ნიშნავს შეუტყობინებლობა?! – როცა იცი, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული და შეესწრები ამ ფაქტს, უნდა შეატყობინო პოლიციას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პოლიციელი მოდის თვითონ, დადგენილია, რომ ცოტნე გამსახურდიაა, დადგენილია, რომ დაჭრილია, თვითონ ყუფარაძე ეუბნება ამას, საკუტარი ხელით აწვენს ცოტნეს საკაცეზე და მიჰყვება საავადმყოფოში. რაც სავალდებულო იყო, უამბო პოლიციას და განცხადებით ხომ არ უნდა მიემართა, ან ტელეფონით?!“- აცხადებს უფლებადამცველი.  

ვაჟა არობელიძის განმარტებით, გამოძიების არგუმენტი არასწორია, რადგან ასეთი ბრალდებით ნებისმიერი იქ მყოფი ადამიანის დაკავება შეიძლებოდა:

“ამ ყველაფერს არ უარყოფს არც გამოძიება და არც პროკურატურა, მაგრამ მათ აქვთ არასწორი არგუმენტი, რომ თითქოს, ყუფარაძე ისე ახლოს იყო ამ სიტუაციასთან, დაინახა ვინ დაჭრა და არ ამბობს. რეალურად ამის დანახვა იყო წარმოუდგენელი, ეს როცა მივიდა, ისინი გარბოდნენ, მაგრამ იქაც რომ ყოფილიყვნენ, ისეთი სიბნელე იყო, შეუძლებელი იყო გარჩევა. ბოლოს იმ სამი კაციდან “კასტილებიანი” ბიჭი რომ დარჩა, იმანაც არ იცოდა ცოტნე დაჭრილი იყო თუ არა, იმ სამი კაციდან, ისე ქაოსურად მოხდა რაღაც იქ. ამას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვერაფრით დაინახავდა, გამოდის რომ ცოტნე “კასტილებიანს” რომ ეჩხუბებოდა, უკვე დაჭრილი იყო, მაგრამ ფიზიკურად ძლიერია და ამას ეჩხუბებოდა. ამ საკითხს ედავებიან.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, საავადმყოფოდან იმ დღესვე, კახა ტალახაძესთან ერთად, წაიყვანეს გამოკითხვაზე, სადაც მან ყველეფერი მოყვა, ის მთვრალი იყო და წესით არც უნდა დაეკითხათ, თანაც, ადვოკატის გარეშე. მათი არგუმენტია, რომ თითქოს ხელს შეუშლის გამოძიებას, მიიმალება, გაანადგურებს მასალებს, ეს ტრაფარეტურია. მაშინ იქ ვინც იყო, მეზობლების, “გარჟში” ვინც მუშაობს, პროფილაქტიკის ხალხი, ყველა შეიძლება ასე მისცე პასუხისგებაში,”- განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში”.

უფლებადამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას, ან გირაოს საფუძველზე გამოშვებას მოითხოვს.

https://mcm.ge/%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9c%e1%83%94-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%a0%e1%83%98/

მსგავსი თემები