ყურძნის საწარმოებში ჩაბარება, მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება

მიმდინარე წელს, რთველის ფარგლებში, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „მუკუზანის“ და „ყვარლის“ მიკროზონების ყურძნის საწარმოებში ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა, ღვინის ხარისხის უზრუნველყოფისთვის, აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა, ღვინის მწარმოებელი სხვა ქვეყნების გამოცდილების მსგავსად, 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონით განისაზღვრა. 10 ტონზე მეტი რაოდენობის და კადასტრის ამონაწერის გარეშე ჩასაბარებელი ყურძენი კი, შეფასდება, როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა. 

“წელს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების მიერ,  ღვინის საწარმოებში ჩაბარებული ყველა ჯიშის ყურძნის აღრიცხვას შეეხება. გასულ წელს, მხოლოდ საფერავის ჯიშის ყურძნის აღრიცხვა ხორციელდებოდა.  პროცესის შეუფერხებლად წარმართვისათვის მობილიზებულია ღვინის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული რესურსი. წელს, ყურძნის საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით, როგორც ხარისხობრივი, ასევე  რაოდენობრივი კუთხით. ” – განაცხადა ლევან მეხუზლამ

მსგავსი თემები