ყოფილ პატიმრებს 5000 ლარის ღირებულების მატერიალური ფასეულობები გადასცეს

სამეგრელოში მცხოვრებ 13 ყოფილ პატიმარს ეკონომიკური საქმიანობის დასაწყებად ან განსავითარებლად სხვადასხვა საშუალებები: მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები/ინვენტარი, წარმოების საშუალებები და სხვ. გადასცეს. ღონისძიება 25 მარტს, ცენტრი „აფხაზეთის“ ზუგდიდის ოფისში გაიმართა. 

თითოეული ბენეფიციარისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობის ღირებულება 2000-5000 ლარს შეადგენს. ყოფილი პატიმრები მიღებული გრანტით შეძლებენ საკუთარი იდეის განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით – სოფლის მეურნეობა, მომსახურება, წარმოება და სხვა.

„დღეს ავტოდიაგნოსტიკის სახელოსნოსთვის აუცილებელი სხვადასხვა საშუალებები გადმომცეს საჩუქრად. ამ საქმიანობით ადრეც ვიყავი დაკავებული, თუმცა, ახალი, თანამედროვე საშუალებებით შევძლებ მეტი კლიენტის მოზიდვას, ბიზნესის მეტად განვითარებას და ოჯახის უკეთ შენახვას. 5000 ლარის ოდენობის საშუალებების შეძენას დამოუკიდებლად ვერ შევძლებდი “, – აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მკვიდრი, ჭაბუკა გეთია, რომელიც იმ 34 გამარჯვებულ ყოფილ მსჯავრდებულს შორისაა, რომელმაც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტში გაიმარჯვა.

დავით გუჩუა, პროექტის მენეჯერი: „ყოფილ მსჯავრდებულთა ფინანსური მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრთან 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ. ამ პერიოდის მანძილზე ათობით ყოფილ მსჯავრდებულს დავეხმარეთ და ხელი შევუწყვეთ საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. ზოგადად, ჩვენი პროექტის მიზანი საარსებო წყაროების გაძლიერება, შემოსავლების გენერირება და ყოფილ მსჯავრდებულთა სრულფასოვანი რეინტეგრაციის ხელშეწყობა გახლავთ. ინტერესი ყოველთვის ძალიან მაღალია, რაც მსგავსი ინიციატივების აუცილებლობაზე მეტყველებს. პროექტი რეალურად ზრდის ბენეფიციარების მატერიალურ მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი წარმატების მაგალითი, ამასთან, რეციდივის მაჩვენებელი იმ ადამიანებში, რომლებმაც დახმარება მიიღეს, ძალიან დაბალია“.

პროექტს „ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივათა მხარდაჭერა“ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“იუსტიციის სამინისტროს ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტის მონაწილეები სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარები არიან. პროექტის მიზანია ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია, ეკონომიკური მხარდაჭერა, დასაქმების ხელშეწყობა და ოჯახის გაძლიერება.

პროექტი შარშან, ოქტომბერში დაიწყო და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 100-მაყოფილმა პატიმარმა მიიღო მონაწილეობა. ყველა მონაწილემ გაიარა ბიზნესის მართვისა და ბიზნეს გეგმის შედგენის სამდღიანი ტრენინგი, რომლის დასრულების შემდეგ საგრანტო კომიტეტს საკუთარი ბიზნეს გეგმა წარუდგინეს.

​საგრანტო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაშიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ წარმომადგენლები შედიოდნენ 34 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაამტკიცეს დასაფინანსებლად (სამეგრელო – 13 ბენეფიციარი, იმერეთი – 4, აჭარა – 2, კახეთი – 2, შიდა ქართლი – 4, ქვემო ქართლი – 1, მცხეთა-მთიანეთი – 2, თბილისი – 6).

​საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ იუსტიციის სამინისტროსთან, 2014 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს.

მსგავსი თემები