ყოფილი და ახალი პრეზიდენტები შეხვდნენ და პირისპირ ისაუბრეს

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ავლაბარში, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა და პირისპირ ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და ქვეყნისა და სამშობლოს სასიკეთოდ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი დემოკრატიულ ფორმებში მიმდინარეობს, ისე, როგორც ქვეყანას შეეფერება.

პრეზიდენტებმა უფლებამოსილების გადაბარების პროცესზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობაზე ისაუბრეს. შეხვედრის პირველ ნაწილს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და სალომე ზურაბიშვილის მომავალი გუნდის წევრი ლაშა ჟვანია ესწრებოდნენ, რის შემდეგაც გიორგი აბაშიშვილმა და ლაშა ჟვანიამ პირისპირ შეხვედრა გამართეს.

მსგავსი თემები