ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ გადის ტექნიკურ ინსპექტირებას

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის” დირექტორი ვაჟა იორდანაშვილი  აცხადებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ყოველი მეოთხე ავტომობილი ვერ აკმაყოფილებს ტექნიკური ინსპექტირების სტანდარტებს. ძირითადი ხარვეზი ვლინდება სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობისა და გამონაბოლქვის თვალსაზრისით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა იორდანიშვილმა დღეს განაცხადა, პირველი იანვრიდან დღემდე დატესტილია 80 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საიდანაც ინსპექტირება გაიარა 60 000-მა ერთეულმა ხოლო 20 000, ანუ 26% დახარვეზდა. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში მოქმედებს 40 ინსპექტირების ცენტრი, რომლებსაც გააჩნიათ 89 ინსპექტირების ხაზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურა მზად არის მიიღოს 900 000 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ერთი ცვლის განმავლობაში.

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წლის დასასრულამდე დარჩენილი 3 თვის განმავლობაში, კერძოდ სექტორს თუ გვექნება საშუალება, ძალიან მარტივად შეიძლება დაიფაროს ის სივრცეები, რაც აბსოლუტურად საკმარისს გახდის იმ 1 მლნ 200 000 ავტომობილის დატესტვას, რაც დაგეგმილია 2019 წლისთვის, როდესაც სრულად ამოქმედდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება”, – აცხადებს ასოციაციის ხელმძღვანელი.

​მისივე თქმით, ინსპექტირების ცენტრები 2017 წელს შემუშავებული რეგლამენტის თანახმად აღიჭურვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მაღალტექნოლოგიური, ევროპული, ძირითადად გერმანული წარმოების ხელსაწყოები აქვთ. შესაბამისად მაღალია მიღებული შედეგების სანდოობა.

“კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური შემოწმებისას მინიმალიზებულია მომსახურე პერსონალის ჩარევა, კერძოდ, გამზომი ხელსაწყოები პირდაპირ არის მიერთებული ერთიან ელექტრონულ ბაზასთან და როდესაც მოწმდება ავტომობილი ორ პარამეტრზე – სამუხრუჭე სისტემასა და გამონაბოლქვზე, ანათვალს პირდაპირ იღებს გამზომი ხელსაწყო და მისი გამართულობის შესახებ ინფორმაციას იძლევა ელექტრონული სისტემა”, – განმარტავს ვაჟა იორდანაშვილი.

მსგავსი თემები