„ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ პოლიციას ქელების საფლავი უჩვენე“ – ხადაში მოკლულის სმიტების დედა

ხადას ხეობაში სასტიკად მოკლული სმიტების ოჯახის ერთ-ერთი წევრი,  რაიან სმიტის დედა ლინ სმიტი მისი შვილის, რძლისა და 4 წლის შვილიშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატრიმრობა მისჯილ მალხაზ კობაურს ერთადერთ მადლობას უხდის.  მწყემსმა დედის წერილი ციხეში მიიღო.  

„მედიაცენტრი მთავარი“ გთავაზობს ამონარიდს ლინ სმიტის წერილიდან:  

„როგორც მე ვიცი, მალხაზ, შენ არ გამოგითქვამს არანაირი სინანული ლორაზე თავდასხმისა და ამ უდანაშაულო ოჯახის შემზარავი მკვლელობისთვის. ახლა კი გადაწყვიტე პასუხისმგებლობაც აღარ აიღო წინა აღიარებაზე, რომ შენ ჩაიდინე რაიანის, ლორასა და ქელების მკვლელობა. იმ ფაქტების მიუხედავად, რომ სწორედ შენ უჩვენე ქელების საფლავი და ასევე ის, რომ თოფი შენ გეკუთვნოდა. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სხვა ვინმეც შეიძლებოდა ყოფილიყო გარეული ამ საზარელ მკვლელობაში.

მალხაზ, მინდა იცოდე, რომ ყოველთვის მადლიერი ვიქნები იმისთვის, რომ შენ პოლიციას ქელების საფლავი უჩვენე,  ჩვენი ოჯახის და ლორას ოჯახის სახელით. იმის არ ცოდნა, თუ სად არის ქელები, უფრო დიდი საშინელება იქნებოდა, მადლობა ამ ერთადერთი წესიერი საქციელისთვის.

შენ ალბათ, ვერც კი წარმოიდგენ, რა საოცრად დიდი ტკივილი, მწუხარება, ტანჯვა და დანაკარგი მოუტანე ჩვენსა და ლორას ოჯახებს. შენ წაგვართვი ყველანაირი სიხარული და მხიარული მოგონებანი მათთან ყოფნისას საქართველოში ან ჩვენთან შეერთებულ შტატებში. ჩვენ მოგვენატრება ის საოცარი სიამოვნება, რასაც ქელების ყურება გვანიჭებდა, როგორ იზრდებოდა ის და როგორ გაიზრდებოდნენ რაიანისა და ლორას სხვა შვილები.

თითოეულ ჩვენგანს ტკივილისა და დანაკარგის მრავალი წელი ელოდება – თითოეული დაბადების დღე, თითოეული წლისთავი, მადლიერების დღე, შობა და აღდგომა, თითოეული ოჯახური შეკრება რაიანის, ლორასა და ქელების გარეშე. 4 ივლისი ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღესასწაულია ამერიკაში, ოჯახური სიხარულით აღსავსე და ფოიერვერკებით დამშვენებული ისეთი, როგორიც ახალი წლის დღესასწაულია. მაგრამ ახლა ჩვენთვის 4 ივლისის დღესასწაული ტრაგიკულ დღედ იქცა – დღედ, როდესაც შენ იძალადე ლორაზე, მოკალი რაიანი, ლორა და ქელები.

მწუხარება და დანაკარგი, რასაც ადამიანი საყვარელი ადამიანების დაკარგვით განიცდის, უსაზღვროდ მტკივნეულია, ყველაფერი აზრს კარგავს. თუმცა რაიანის, ლორასა და ქელების მონატრება, რაც მთელ ჩემს ცხოვრებას გაჰყვება, კიდევ უფრო რთულია“ – ვკითხულობთ დედის წერილში.

მსგავსი თემები