ყიფშიძეზე დაპირისპირებისთვის ბრალდებული ჯაშის ადვოკატი ბრალის გადაკვალიფიცირებას ელოდება  

“შესაძლებელია, ბრალდების მხარემ, პირველადი მტკიცებულებებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, იმედი მაქვს, ყველა მტკიცებულების წარდგენის შემდეგ, ბრალი შეიცვლება“ –  აღნიშნული განცხადება, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ბრალდებულის, დავით ჯაშის ადვოკატმა, იოსებ ხარატიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”  გააკეთა.

ადვოკატის განცხადებით, დავით ჯაში და მისი მეგობარი გივი ცინცაძე ინვესტორები არიან. მისი თქმით, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდა შეხვედრა, მაკლერ მარიკა წერეთელთან. უფლებადამცველის განმარტებით, დაპირისპირების მიზეზი 80კვმ  ფართი იყო, რომელსაც მარიკა წერეთელი მათგან ითხოვდა.

“მარიკა წერეთელი ეწევა სამაკლერო საქმიანობას. დავით ჯაში და გივი ცინცაძე არიან ინვესტორები. ამასთან დაკავშირებით იყვნენ სასაუბროდ ჯაში და ცინცაძე წერეთელთან მისულები. მარიკა წერეთელმა კი იცრუა და განაცხადა, რომ სხვა, ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენო.  უცხო ხალხი კი არა, სწორედ ინვესტორებთან ჰქონდა მას შეხვედრა, რომლებიც მისი დიდი ხნის ნაცნობები არიან. კონფლიქტი კი წერეთლის მხრიდან მოთხოვნილ 80 კვ. ფართს მოჰყვა. საუბარი ბარში დაიწყო, შემდეგ კი წერეთლის მეუღლემ, ლევან ძნელაძემ მათ გარეთ გასვლა და საუბრის იქ გაგრძლება მოსთხოვა” – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ მთავარში.”

იოსებ ხარატიშვილის განცხადებით, დავით ჯაშმა, ლევან ძნელაძის დაზიანება თავდაცვის მიზნით მოახდინა. მისი თქმით, ეს იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. 

“ლევან ძნელაძემ ცეცხლსასროლი იარაღით, ჭრილობა მიაყენა ფეხში გივი ცინცაძეს და ასევე ცდილობდა დაეზიანებინა დავით ჯაში, თუმცა როგორც კი დაჭრილმა გივიკომ მოახერხა ძნელაძის ძირს დაგდება, ამ დროს ძნელაძე აღმოჩნდა გივიკო ცინცაძეს ზევიდან. იარაღი მიმართული იყო მისი გულმკერდის არეში და გივიკოს ჰქონდა სასხლეტზე თითი. შესაბამისად მიდიოდა ჭიდაობა, რომ იარაღი გამოერთმიათ. ამის შემდგომ, ჯაში ურტყავს ქვის საგანს ძნელაძეს და მოხდა ძნელაძის დაზიანება. ეს იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლები. ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საგამოძიებო სამსახურებს. იმედი მაქვს, რომ ის მტკიცებულებები რაც მოვიპოვეთ, სასამართლო გაითვალისწინებს,”- განაცხადა უფლებადამცველმა “მედიაცენტრ მთავარში”

ადვოკატმა განმარტა, რომ დავით ჯაშს, ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის აქვს ბრალი წარდგენილი, რომელიც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

როგორც დავით ჯაშის შვილმა ნინო ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მარიკა წერეთელს დავით ჯაში იცნობდა და მასთან სატელეფონო კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდა.   

მსგავსი თემები