ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეტლახი დააგეს

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეტლახი დააგეს. ამ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

აღნიშნულს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეკლესიაში ადგილობრივმა სასულიერო პირებმა ახალი იატაკი თვითნებურად დააგეს.

“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში ადგილობრივი სასულიერო პირების მიერ ახალი იატაკის ფენილის მოწყობას თვითნებობად და უკანონობად აფასებს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და სათანადო სარესტავრაციო მეთოდოლოგიის აბსოლუტური უგულვებელყოფით შესრულებული სამუშაოები სრულ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ძეგლთა დაცვით პრინციპებთან. ის უხეშად ხელყოფს ზოგადეროვნულ ფასეულობას და მნიშვნელოვნად აზიანებს კულტურულ მემკვიდრეობას.

უშედეგო აღმოჩნდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხრივ უნებართვო სამუშაოების დროულად აღკვეთის არაერთი მცდელობა. უწყების ზედამხედველობის სამსახურის ჯგუფი ადგილობრივმა მღვდელმსახურებმა არ შეუშვეს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, რამაც კანონით განსაზღვრული ქმედებების აღსრულება შეუძლებელი გახადა. ადგილობრივი სასულიერო პირების ინიციატივით დაწყებული პროცესი არ შეჩერებულა არც საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის პირების საჯარო განცხადებების შემდეგ, რომელის თანხვედრაში იმყოფებოდა სააგენტოს პოზიციასთან.
განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდანაც, რომელიც 2 დღის წინ სამონასტრო კომპლექსზე ერთობლივად იმყოფებოდა. მათი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ახლადმოწყობილი იატაკი დემონტაჟსა და ნეიტრალური ფერის ქვის კვადრებით, ქართული შერეული სტილით მოწყობას საჭიროებს. 

ძეგლთა დაცვითი პრინციპებიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საკითხზე შემდგომი რეაგირება საქართველოს საპატრიარქოს წერილობით სთხოვა. 

ყინწვისის წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში XX საუკუნის 70-იანი წლების ქვის იატაკი განვლილ დღეებში შეიცვალა. სამუშაოები საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეუთანხმებლად წარიმართა. კანონდარღვევით მიმდინარე პროცესს არ ჰყოლია არქეოლოგიური ზედამხედველი. უნებართვო სამუშაოების შედეგად არსებულ იატაკზე, თარაზულად მოსწორებულ ცემენტის ზედაპირზე არატრადიციული წყობითაა დაგებული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება. იატაკის ახალი საფარი სრულად არ შეესაბამება ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახეს და თავისი სარკისებრი ზედაპირით უხეშად აკნინებს კედლებზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას.

სარესტავრაციო მეთოდოლოგიის დარღვევითაა მოწყობილი ამბიონის საფეხური, რომელიც მასიური ქვის ნაცვლად მომცრო ფილებით არის მოპირკეთებული. დიდი ალბათობით, უნებართვო და არასათანადო ჩარევის რისკის ქვეშ იმყოფება ყინწვისის გვიანი შუა საუკუნეების დროინდელი კანკელიც. 

რუის-ურბნისის ეპარქიასთან ურთიერთობის ნორმალიზების პირობებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მზადაა კვალიფიციური სპეციალიტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მეთოდოლოგიურად მართებული სარეაბილიტაციო პროექტის მომზადება და მისი განხორციელების ზედამხედველობა, რომელიც წმ.ნიკოლოზის სახელობის გუმბათიან ეკლესიაში იატაკის ფენილის რეაბილიტაციასთან ერთად, სხვა პრობლემურ მიმართულებებსაც მოიცავს”, – ვკითხულობთ კულტურული მემკვიდრეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები