“ყველა შეკითხვას ვუპასუხე ამომწურავად” – ირაკლი ღლონტის დაკითხვა დასრულდა

“საგამოძიებო უწყებების წარმომადგენლები მეკითხებოდნენ რატომ ჩაიშალა შს მინისტრის მიერ ინიცირებული შეხვედრა საზოგადოებასთან და მომიტინგეებთან, რაც გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ეს იმ შეკითხვათაგანია, რომელიც მე უნდა დავსვა”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი ღლონტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

ირაკლი ღლონტის თქმით, გამომძიებლები დაინტერესდნენ, თუ რა საკითხზე მიმდინარეობდა თათბილი 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შენობის წინ.

„მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე გამოვცხადდი გამოკითხვაზე.  ჩემი შეფასებით, მათ მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ვუპასუხე ამომწურავად. თუმცა მე იქით მაქვს საგამოძიებო უწყებასთან, პასუხისმგებელ პირებთან შეკითხვები, რა გახდა იმ დღეს ქართველთა სისხლია დაღვრის საფუძველი და ამ კითხვებს არ შევწყვეტ, ვიდრე არ მივიღებ პასუხებს.

რაც შეეხება დღეს დასმულ შეკითხვებს, საგამოძიებო უწყებები მეკითხებოდნენ რატომ ჩაიშალა ვიცე-პრემიერის, შს მინისტრის მიერ ინიცირებული შეხვედრა საზოგადოებასთან და მომიტინგეებთან, რაც გამიკვირდა და ვუთხარი, რომ ეს იმ შეკითხვათაგანია, რომელიც მე უნდა დავსვა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, იმიტომ, რომ ამ ჩაშლის შემდეგ მოხდა დარბევა. მეკითხებოდნენ რაიმე შემხებლობა მქონდა თუ არა ჩემს კოლეგებთან და რაიმეს ვთათბირობდით თუ არა და გავეცი ამაზე პასუხი, რომ ჩემს კოლეგებთან ყოველთვის ვთათბირობ და კონსულტაციები მაქვს, მაგრამ იმ მომენტში მე სიტყვით გამომსვლელთა რიგში ვიდექი. მესამე, მეკითხებოდნენ – რა მოწოდებებს ვახორციელებდი და ვავრცელებდი მოწოდებებს რომ გავრილოვის და პუტინის ადგილი არ არის ქართულ სახელმწიფოში და რომ არასოდეს შევეგუებით ამას“, – განაცხადა ირაკლი ღლონტმა.

ცნობისთვის, 20-21 ივნისის მოვლენებზე გამოძიება ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მუხლებით მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები