“ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი, რომ შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ”-პრემიერი

“ხელს არავინ არავის დააფარებს, ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ეპიზოდის გამოძიებას, გაკეთდება ანალიზი და დავინახავთ, რასთან გვქონდა საქმე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან შეხვედრისას, ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პასუხი უნდა გაეცეს რეზინის ტყვიების გამოყენებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებსაც და ეს არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს.

„ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, რამდენად იყო ეს ყველაფერი რეგლამენტირებული, ამ რეგლამენტის დარღვევაც აუცილებლად უნდა იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ის საკითხები, რომელსაც სჭირდება გამოძიება და რომელზეც უნდა საუბრობდეს ყველა – მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება. ვინ გამოიწვია მომხდარი, ვინ გამოიყენა პროვოკაციული მიზნებისთვის გულწრფელი პროტესტი, ამაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა შევაფასოთ, ცალკეულ შემთხვევებთან გვქონდა საქმე თუ ეს იყო გარკვეულწილად სისტემური პრობლემა.

ჩემს მთავრობაში და ჩემს გუნდში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თავის სკამს გამოეკიდება. ეს გამორიცხულია. ჩვენ ეს ჩვენი საქმიანობით დავადასტურეთ. ვნახოთ რეალური სურათი. ყველა კითხვის ნიშანს გაეცემა პასუხი და არანაირი შთაგონება არ არის საჭირო იმისთვის, რომ შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. არ გვყავს გუნდში ადამიანები, რომლებიც სკამს გამოეკიდებიან. საზოგადოებამ ეს კარგად იცის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები