“ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, მიხედეთ შვილებს” – მუსიკოსი შვილის თვითმკვლელობის მიზეზებზე

ბოლოს დროს საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობის შემთხვევები გახშირდა. მიზეზები უცნობია, თუმცა ამას მშობლებსა და შვილებს შორის გაცივებულ ურთიერთობებს, ზოგი საშიშ ონლაინ თამაშებს, ზოგი კი ბულინგს აბრალებს. მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი ლენო რამდენიმე თვის წინ მე-7 სართულიდან გადახტა. მამა კი მომხდარში საკუთარ თავს ადანაშაულებს.

“არ მგონია, რომ რამით გამორჩეული ან უკეთესი ვიყავი სხვა მამებისგან. რაც თავი მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოს არ ვაღიარებდი. მის იმედზე არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ, მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, შევცდი. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია. ყველაზე გახსნილი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ თურმე ესეც არ ყოფილა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს რომ გვგონია, ვიცით ყველაფერი, კონტროლის ქვეშ გვყავს, სინამდვილეში არ ვიცით. უკან რომ დამაბრუნა, არ ვიცი რას შევცვლიდი. უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს. სამსახური, კეთილსინდისიერი შრომა მთელ ჩვენს დროს მოითხოვს. ბავშვებისთვის კი მხოლოდ ძილის წინ ყურადღების მიქცევა საერთოდ არ არის საკმარისი. აუცილებელია, მათთან მეტი დროის გატარება. მისიანი უნდა იყო, უნდა ეძმაკაცო. ამას მეგონა რომ ვაკეთებდი, აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. მუსიკა გვაერთიანებდა და მისი ერთი სიმღერაც კი არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი, არადა, ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელ კავკასიაში”, – აცადებს მუსიკოსი.

გიორგი გვარჯალაძე მშობლებს მიმართავს, მეტი დრო გამონახონ შვილებისთვის.

“ახლა არის დრო, რომ მთელი შენი ენერგია და ფული დახარჯო ბავშვზე. ჩემი შვილი არასდროს არ იყო ჩაკეტილი. უბრალოდ, მე მის პირად სივრცეში არ ვიჭრებოდი. ახლა ვთვლი, რომ შევცდი. შეუძლებელი იყო, მე მის ტელეფონში შევსულიყავი. ეს რომ მექნა, ახლა 100%-ით დარწმუნებული ვარ, ცოცხალი იქნებოდა, მან დაწერა “28 დღე სიკვდილამდე”. მე მის კომპიუტერს არ ვეხებოდი იმიტომ, რომ მისი პირადი ნივთი იყო, თორემ გავხსნიდი და მერე ერთი წამითაც აღარ დავტოვებდი მარტო. პირდაპირ ეწერა იქ, რამდენ ხანში აპირებდა სიკვდილს. რაღაც მომენტში, გამოვიცანი, რომ ხტებოდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას, ხოდა გადახტი-მეთქი. სამ საათში გადახტა.

სამსახურში წავედი იმიტომ, რომ დილით მქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, ლანა ღოღობერიძის ფილმზე უნდა მემუშავა. ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ, ხელითაც შევეხე იმიტომ, რომ ისეთი რაღაცის დაკანონებას ცდილობდა, რაც არ არის მისაღები. მაგალითად, ღამე ქუჩაში არასრულწლოვნის ყოფნა იმ დონემდე, რომ უკვე კლუბის მეპატრონე მეგობრები მირეკავდნენ, შარში რატომ გვაგდებ, შენი შვილი არასრულწლოვანია, მოდის და აქ შემოსვლას ცდილობსო. იძულებული ხარ, ამ დროს მიხედო, მაგრამ არ მერჩივნა ეწანწალა, სადაც უნდოდა, ვიდრე თავი მოეკლა? ბევრი ვიღაც და რაღაცაა დამნაშავე, მაგრამ მთავარი დამნაშავე მე ვარ. არ ვთვლი, რომ სუსტი ვარ, უბრალოდ ჩავთვალე, რომ იმ კრიტიკულ პერიოდს გადააგორებდა. მეც მქონდა მსგავსი მიდრეკილებები, მაგრამ გადავაგორე. ჩავთვალე, მე რომ გამომივიდა, მასაც გამოუვიდოდა. ჩემს თავს შევადარე და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. შვილზე მაგარი არაფერია, ახლა რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ინერცია და პასუხისმგებლობაა.

ტყვეობაში ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ მყავს შვილები. საერთოდ არაფერი აღარაა ჩემთვის საინტერესო. ძალიან დიდი ტკივილის ფასად, სხვა შვილებთან შევიცვალე. ზედმეტს ვჭამთ, ზედმეტს ვმუშაობთ – არ არის საჭირო, ბავშვებს თავად უნდა მივხედოთ. ჯუნგლებში ვართ, რა სახელმწიფო, გაიღვიძეთ და მიხედეთ ბავშვებს. მერე არავინ დაადანაშაულოთ. მძიმე მომენტებში ლენო სულ ჩემთან მორბოდა და მე არ მქონდა წაჩხუბების უფლება, რადგან მისთვის დასაყრდენი ვიყავი. იმ ბოლო მომენტში, მე შემებრძოლა. მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ. თქვენ იყავით ბედნიერები და ნუ იქნებით დამნაშავეები თქვენს შვილებთან. თავად ავაშენოთ საქართველო ჩვენს ოჯახებში. უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს, ისინი სხვა რაკურსიდან უყურებენ ყველაფერს”, – განაცხადა მუსიკოსმა გიორგი გვარჯალაძემ.

მსგავსი თემები