“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუგუტიანთკართან სარწყავი არხი არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე” – დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ გუგუტიანთკარში ის ადგილი დაათვალიერა, სადაც რუსმა სამხედროებმა რკინის ღობეები დაამონტაჟეს. მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დღეს აქ სიტუაციის ადგილზე გაცნობა, რადგან ერთია ინფორმაცია, რასაც ვიღებთ და მეორე – ადგილზე ნანახი მდგომარეობა. სიტუაცია არის ძალიან დამთრგუნველი, საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გრძელდება და ეს ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ქმედებებია. როდესაც 7 აგვისტოს ჩვენთვის გახდა ეს ცნობილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში იყვნენ მოწვეული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ყველას ვთხოვეთ, ფაქტს მოჰყოლოდა მკაცრი შეფასება. ამის შემდეგ, მეორე დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში, პარტნიორ ქვეყნებთან კომუნიკაციის შემდეგ გაიმართა დებატები. საერთაშორისო ფორმატის ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან უმკაცრესი შეფასებები მოჰყვა რუსეთის ქმედებებს. ამას მოჰყვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უმკაცრესი განცხადება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა და საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები დაგმობილია.

„საერთაშორისო თანამეგობრობა აცნობიერებს, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამ მცდელობების შედეგად, აღნიშნული პროცესი ბოლო ორი დღეა, შეჩერებულია, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების გარანტიას. 24 საათიან რეჟიმზეა გადასული საგარეო საქმეთა სამინისტრო, ყველა დიპლომატიური მისია ინსტრუქტირებულია, რომ მუდმივ რეჟიმში ინფორმირებული იყვნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მიმდინარე პროცესებზე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიპლომატიურმა კორპუსმა ყველა რესურსი აამოქმედა“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა სარწყავი არხი არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„მინდოდა, ამ ადამიანებს ძალიან გულწრფელად და ღიად ეთქვათ ყველაფერი და მე ეს სათქმელი მივიღე. მივაწოდე ინფორმაცია საქმიანობაზე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტრომ გასწია. არის გარკვეული პრობლემები სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სარწყავი არხი არ მოექცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება და წვდომა საკუთარ ნაკვეთებზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი თემები