“ყველას მობილიზაციისკენ მოვუწოდებ” – რეკომენდაციები და მიმართვა მედიას კორონავირუსისგან თავდასაცავად

“მობილიზაციისკენ მოვუწოდებ თითოეულ ჩვენგანს. არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რომელსაც კოორდინირებული მოქმედებით უნდა დავუპირისპიროთ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში”, ახალ კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.

ვლადიმერ კახაძემ ჟურნალისტებს, ექიმებსა და სხვა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ბევრ ადამიანებთან უწევთ კომუნიკაცია, რეკომენდაციით მიმართა. კახაძის უპირველესი რჩევა, ნიღბის ტარებაა.

“ჟურნალისტები მედიატორები ხართ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, საშური ენერგიით  მოქმედებთ და თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ. როდესაც დაუდგენელ შემთხვევაში პირდაპირ, ღია წესით, ნიღბის გარეშე, საუბრის დროს ვირუსის პოტენციურ მატარებელზე, ან ინკუბაციის პერიოდში მყოფ ადამიანთან ახლოს მიდიხართ, თქვენც დაუცველ გარემოში აღმოჩნდებით. მით უმეტეს, მიკროფონები გაქვთ, რომლის რბილი საცავები წვეთოვანი ინფექციის გავრცელების წყაროა. თქვენ, მაშინ, მოგიწევთ მისი დეზინფიცირება ან მუდმივი ცვლა. ჩვენ ვიცით, რომ ნიღაბს, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, მშრალ ფორმაში უნდა ვატაროთ და ხშირად უნდა ვცვალოთ, რადგან დასველების პირობებში ვირუსის გავრცელება უფრო ადვილი ხდება. სიფხიზლე, ორგანიზება, თავმოყრა კარგია, მაგრამ ანგაჟირება არა. ადამიანების უმრავლესობის დისკოორდინაცია, პატარა საფრთხის პირობებშიც კი, უფრო მეტ ტრავმას, მასობრივ ჭყლეტვას იწვევს. ასეთ დროს, უფრო მეტი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს, ვიდრე იმ კონკრეტულ შემთხვევაში”, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მისი განმარტებით, ვირუსი ადამიანიდან ადამიანში, წვეთოვანი ფორმით – საუბრისას, დაცემინებისას ან დახველებისას გადადის.

“ის ადამიანი, რომელსაც პოტენციურად თავის თავში ეპარება ეჭვი, რომ მე არ ვიყო გამავრცელებელი, მან აუცილებლად პირბადით უნდა იაროს და ეს მისგან საზოგადოების დამადასტურებელი ნიშანი იქნება. ის ადამიანები, რომელსაც პროფესიულად ევალებათ ადამიანების დიდ რაოდენობასთან შეხვედრა (ექიმები, ჟურნალისტები და ა.შ.) უნდა დაიცვან თავი, რომ ნებსით თუ უნებლიედ არ გახდნენ ამ დავადების გამავრცელებელი. თავშეყრის ადგილებში, დაავადებულმა ერთმა ადამიანმა შეიძლება ბევრს საფრთხე შეუქმნას, ამიტომაც ვირტუალური სივრცე უნდა დავიცვათ”, – განაცხადა ვლადიმერ კახაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები