“ყველანაირი საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და უსაფრთხო იყოს” – მარიამ ქვრივიშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა უსაფრთხო დერეფნების შესახებ ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანასთან მოლაპარაკების შედეგად შეიქმნება.

„მნიშვნელოვანია, ტურიზმის ინდუსტრია ისეთი პასუხისმგებლიანი იყოს, როგორც არასდროს, რომ არ გახდეს ვირუსის უნებლიე გამავრცელებელი. უსაფრთხო დერეფნები ნიშნავს, როცა ორი ქვეყანა თანხმდება  იმ კრიტერიუმებზე, რომელიც ორივეს დააკმაყოფილებს. ეს იქნება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გასატარებელი აქტივობები: რა დოკუმენტაციით უნდა იმოგზაუროს ადამიანმა, როდესაც ის  უცხო ქვეყნიდან მოემგზავრება, ასევე რა პროცედურები უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, როდესაც მას უცხო ქვეყანაში მოგზაურობა სურს. უსაფრთხო დერეფანი თავისი შინაარსით  გულისხმობს, რომ მაქსიმალურად შეიქმნას უსაფრთხო მიმოსვლის კრიტერიუმები.  სულ მცირე, სამმაგი ფილტრი იქნება – ქვეყანა, რომელსაც ტოვებს ადამიანი; თავის მხრივ, ატარებს შესაბამის საქმიანობას; შემდგომ აეროპორტი. მსოფლიო მასშტაბით ყველა საერთაშორისო აეროპორტი ცდილობს, რომ მაქსიმალური მობილიზება მოახდინოს და დანერგოს საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინები“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სტანდარტებისა და წესების დაცვის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ უკვე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად წესებზე, რომელიც უნდა დაინერგოს სექტორულად. ეს იქნება სასტუმროები, განთავსების, კვების ობიექტები, გიდები, სატრანსპორტო და  ტურისტული კომპანიები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ექვსი რგოლი ტურიზმის ინდუსტრიაში. ამ წესებთან დაკავშირებით ვგეგმავთ,  მიმდინარე კვირა სრულად დავუთმოთ ეპიდემიოლოგებთან, ჯანდაცვის სამინისტროსა და ასევე კერძო სექტორთან საუბარს. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ დაახლოებით 25 მაისისთვის ჩვენ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისგან მივიღებთ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, რომლის მოდიფიკაციაც   საქართველოს რეალობაში მოხდება“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იმ წესების შესახებაც ისაუბრა, რაც აეროპორტებსა და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე უნდა იყოს დაცული.

„მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ ელოდება ICAO-ს  და  ევროკომისიის გაიდლაინებს. უკვე გვაქვს IATA-ს მიერ დაწესებული რეკომენდაციები და წესები აეროპორტებთან მიმართებაში, თუ როგორი უნდა იყოს ინფრასტრუქტურა. საქართველოს შემთხვევაში საავიაციო სააგენტო უკვე მუშაობს გაერთიანებულ აეროპორტებთან ერთად წესებსა, თუ რეკომენდაციებზე, რაც აუცილებლად დაინერგება ყველა საერთაშორისო აეროპორტში. შეიძლება, ეს  გულისხმობდეს სოციალურ დისტანციას, ძალიან დიდი აქცენტებია გაკეთებული  აეროპორტის მომსახურე პერსონალზე, რათა სრულად იყვნენ დაცული – პირბადე, ხელთათმანი, დეზინფექციის ხსნარის ხშირი გამოყენება, სწორი დალაგება და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა აქტივობა გატარდება.

ხაზს გავუსვამ, რომ  პრემიერ-მინისტრის დავალება ძალიან მკაფიოა. ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, აეროპორტებში, თუ სახმელეთო საზღვრებზე, ტურისტის შემოწმების კუთხით მაქსიმუმ დაყოვნება არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს, ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი საერთაშორისო სტანდარტების აღჭურვილობის საშუალება იქნება საქართველოში, რომ მოგზაურობა ძალიან კომფორტული და ძალიან უსაფრთხო იყოს“, – განაცხადა მარიამ ქვირივშვილმა.

მსგავსი თემები