ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მამუკა ხაზარაძის წერილთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარს აკეთებს და სასაცილოდ მიიჩნევს, კომუნიკაციების საუკუნეში იმით აპელირებას, თითქოს, ასეთი “უსტარის მეშვეობით ხდება ვიღაცის მიმართ ვითომდა მუქარა და ვითომდა შანტაჟი”.

ოხანაშვილის თქმით, აღნიშნული უნდა იყოს გამოძიებული.  

“აფიორების დრო დასრულდა ამ ქვეყანაში. სამართლებრივი სახელმწიფო ნიშნავს იმას, რომ ყველა პროცედურის დაცვით უნდა მოხდეს სამართალწარმოების განხორციელება. კომუნიკაციების საუკუნეში ფარატინა ქაღალდზე დაყრდნობით, თურმე ასეთი ფორმით წარდგენილ თითქოსდა შანტაჟზე უნდა გამოვიდეთ ჩვენ და ვამტკიცოთ, რომ ვიღაცამ გაბედა, თურმე მუქარა და შანტაჟი. ეს არის აბსურდის თეატრი. შესაბამისად, ყველამ თავი დაანებოს პოლიტიკური იმუნიტეტის შექმნის მცდელობას, პოლიტიკურ პროცესებში ამ პროცესების გადაყვანას, ითანამშრომლოს ყველამ, ვისაც აქვს სურვილი რომ საქმეს მიეცეს მსვლელობა და დადგინდეს ჭეშმარიტება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა არა ფარატინა ქაღალდის ფრიალით, არამედ სამართლადამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იყოს ამ პროცესის ნორმალურ ჭრილში ფუნქციონირება, პოლიტიკური პროცესისგან დაცლა“, – აცხადებს ოხანაშვილი.

მსგავსი თემები