„ყველაზე მძიმე სასჯელი სასულიერო ხარისხიდან განკვეთაა, სინანულის შემთხვევაში, მეუფე პეტრეს სრული უფლება აღუდგება“ – დეკანოზი

კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზ ლონგინოზ სუარიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ კანონიკური სამართლის ნორმებზე ისაუბრა და ყველა იმ კითხვას უპასუხა, რაც მეუფე პეტრესა და სინოდის სხდომას უკავშირდება. როგორც დეკანოზმა განმარტა, მეუფე პეტრეს ამჟამინდელი მდგომარეობა და სტატუსი მხოლოდ დროებითია.     

„საეკლესიო კანონების მიხედვით, სასულიერო პირთა სასჯელი სხვადასხვაგვარია. მაგალითად, ყველაზე მძიმე ხასიათის სასჯელია მღვდელმოქმედების შეწყვეტა. ეს კი იმას გულისხმობს, რომ მღვდელს ან ეპისკოპოსს გარკვეული მსახურების შესრულება არ შეუძლია. მაგალითად, დამოუკიდებლად ჩაატაროს წირვა, ღვთის მსახურება. ხოლო, ეპისკოპოსის შემთხვევაში, მას არ შეუძლია მართოს ეპარქია, მღვდლებს დაასხას ხელი, ტაძრები აკურთხოს და ა.შ ის რაც საეპისკოპოსო პრივილეგიებს წარმოადგენს. როდესაც ხდება სამღვდელო ხარისხის შეჩერება და არა განკვეთა, მისი მოხსენება ხდება იმ ხარისხში რაც მანამდე იყო. რა თქმა უნდა, მეუფე პეტრესთან დაკავშირებული სტატუსი ატარებს დროებით ხასიათს და  სინანულის შემთხვევაში, მას სრული უფლება აქვს, კვლავ აღდგეს იმ პირვანდელ უფლებებში, რაც მას მანამდე გააჩნდა“ – განაცხადა დეკანოზმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.   

როგორც ლონგინოზ სუარიშვილმა განმარტა,  საეკლესიო კანონების მიხედვით, სასულიერო პირისთვის ყველაზე მძიმე სასჯელი   სასულიერო ხარისხიდან განკვეთა და მისი  ერის კაცის დონეზე დაყვანაა.

„სინანულის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ადამიანს ეკლესიის წევრობა უნარჩუნდება, რაც გულისხმობს,  რომ ზიარების, აღსარების და ა.შ უფლება მას გააჩნია, მაგრამ, სამღვდელო ხარისხს ის ვერასდროს დაიბრუნებს. რაც შეეხება სასულიერო ხარისხის დროებით აკრძალვას, ეს ატარებს დროებით სახეს. მას ვადა არ აქვს, შეიძლება ეს 1-2 წელიც გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია იმ პიროვნების სინანულის ხარისხზე და მის დამოკიდებულებაზე სასჯელის მიმართ. სინოდი, ეპისკოპოსი რაჟამსაც ჩათვლის საჭიროდ რომ მან სათანადოდ შეინანა მისი საქციელი, შეუძლიათ აღუდგინონ ის უფლებები რაც მანამდე გააჩნდა“ –  განაცხადა დეკანოზმა.

მსგავსი თემები