“ყველაზე კარგი სოციოლოგიური კვლევა არჩევნებია” – ზვიად ძიძიგური საპრეზიდენტო არჩევნებზე

კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნოდ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებს უნდობლობას უცხადებს და მიაჩნია, რომ ყველაზე კარგი კვლევა არჩევნებია.

“საქართველოში სოციოლოგიისას ​მხოლოდ მას შემდეგ დავიჯერებ, რაც კვლევისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთს დაემთხვევა. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში ჩატარებული წინასაარჩევნო სოციოლოგიური კვლევისა და არჩევნების შედეგები დამთხვევია ერთმანეთს, ბოდიშის მოვიხდი. ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, კვლევები ტარდება, შემდეგ არჩევნები და ცდომილება 2-3%-ია, საქართველოში ხდება მხოლოდ ის, რომ 20, 30 და 50 % -იანი ცდომილება არის ხოლმე არჩევნების შედეგებსა და კვლევას შორის. ეს არის ნონსენსი და სოციოლოგიური კვლევების მიმართ მაღალ ნდობას ეს არ იწვევს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

დეპუტატი ​სოციოლოგიური კვლევის იმ შედეგებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხვაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ლიდერობს.

აღნიშნული კვლევის შესახებ ინფორმაციას “პირველი რადიო” ავრცელებს. ​მათი ინფორმაციით, კვლევა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარდა და მონაცემების მიხედვით, პირველ ადგილზე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატია, მას გამოკითხულთა 25,8 % უჭერს მხარს. 15%-ით მოსდევს „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, 12,8 % -ით მესამე ადგილზეა.

მსგავსი თემები