ყაზბეგის გამზირზე 700 მეტრის სიგრძის ველობილიკი მოეწყობა

თბილისში კიდევ ერთი ველობილიკი მოეწყობა, კერძოდ, საუბარია ყაზბეგის გამზირზე არსებული ვასო გოძიაშვილის სახელოების ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაციაზე, რომლის ფარგლებში, პარკის გარშემო 700-მეტრიანი ველობილიკი მოეწყობა.

“წითელი ბაღი” მოიცავს 35 ათას კვ.მ ტერიტორიას. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საჭადრაკო დაფა, საბავშვო სათამაშო მოედნები, საპიკნიკე სივრცეები. ასევე “დეკის” ბილიკით გამოყოფილი სავარჯიშო და დასასვენებელი ზონები, საგამოფენო ღია სივრცე და მცირე ზომის ღია კინოთეატრი, დახურული სივრცე კულტურულ – საგანმანათლებლო ღონისძიებების მოსაწყობად.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბაღის სამშენებლო – სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და ის 25 ივნისს დასრულდება.ბაღის რეაბილიტაცია წელს დაიწყება. პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებით სამშენებლო კომპანია “აქსისი” დაინტერესდა და სურვილი გამოთქვა პროექტში თავისი წვლილი შეიტანოს.

„ქალაქში მწვანე სივრცეები აუცილებელია. ამ მიმართულებით გამგეობები მუშაობენ და ძალიან ბევრი მცირე და საშუალო ზომის სკვერს უტარდება რეაბილიტაცია. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს საქალაქო პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება, დაგეგმილი გვაქვს ორი ახალი საქალაქო პარკის მშენებლობაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​თბილისის მერი იმედოვნებს, რომ “აქსისის” მსგავსად სხვა კომპანიებით გამოხატავენ დაინტერესებას და თავიანთ წვლილს შეიტანენ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
​მისივე ინფორმაციით, ე.წ. წითელი ბაღის რეაბილიტაცია ხუთ თვეში დასრულდება.

მსგავსი თემები