“ღმერთმა შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება“ – სარალიძის მკვლელობის მონაწილესთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში მონაწილე გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მოკლულის მამას, ზაზა სარალიძეს აღნიშნული ფაქტი არ გაუპროტესტებია. პირიქით, მამ მოზარდი დალოცა და უსურვა, ამ მძიმე ტვირთის ტარება ღმერთმა შეაძლებინოს.

„მსჯავრდებულ გ.ჯ.-სთან მიმართებით საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ადვოკატმა მოგვმართა შუამდგომლობით, მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ასევე, მიაწოდა ბრალდების მხარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ მიზანშეწონილად ჩათვალა მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება“, – განაცხადა პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

მან განმარტა, რომ მეორე მსჯავრდებულ გ.ბ.-სთან დაკავშირებით ბრალდების მხარე საკითხების არსებითად განხილვას განაგრძობს. პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სასამართლო პროცესი პარასკევს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ  გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს –  10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დამნაშავედ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

რაც შეეხება დავით სარალიძის პოზიციას, მან, როგორც მისი შვილის მკვლელობაში მონაწილეებს, ისე მათი ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდამ ვფიქრობდი, თუ რას ნიშნავდა დაზარალებულის სტატუსი ჩემთვის. ბოდიშს გიხდით გულახდილობისთვის მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ინციდენტში ყველა მონაწილის მშობელს და თავად მონაწილეებს და დამნახავებს ვინც სიმართლე დამალა, გულით ვუსამძიმრებ. თქვენ ჩემთვის გაცილებით მეტი დაზარალებულები ხართ, ვიდრე ჩემი ოჯახი. ღმერთმა დაგლოცოთ და შეგაძლებინოთ ამ ტვირთის ტარება”- აცხადებს ზაზა სარალიძე.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ვერაზე ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ორივე მოზარდი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები