“ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს” – ილია მეორე

“ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაშია ნათქვამი.

ილია მეორემ მრევლს ხარების დღესასწაული მიულოცა.

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება აკადემიკოს პავლოვს – ნუთუ თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი და მან უპასუხა – როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, მორწმუნე კი არა წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა, ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავ სოფელსა შინა, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა პატრიარქმა.

მსგავსი თემები