თბილისის ღამის სპეცოპერაციას „ღამის ეკონომიკასთან“ კავშირი არ აქვს – კახა კალაძე

 

თბილისის ღამის 5 კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განცხადება გააკეთა. მისი შეფასებით, მომხდარი „ღამის ეკონომიკისა“ და კლუბური მუსიკის განვითარებას არ უკავშირდება.

“ვისმენთ არაერთგვაროვან განცხადებებს და მიმდინარეობს სპეკულირება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დარტყმა “ღამის ეკონომიკის” განვითარებაზე, რაშიც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. საუბარია, რომ ეს არის დარტყმა კლუბურ მუსიკაზე და მომავალში ამ დარგის არსებობაზე, აქ ნამდვილად ვერ დავეთახმები ადამიანებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ღამის ეკონომიკა აუცილებლად განვითარდება და კლუბური სცენა, რომელიც ერთ-ერთი წარმატებულია, აუცილებლად გაგრძელდება და მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა ექნება. ვამაყობთ იმ წარმატებებით, რაც ამ მიმართულებით  ჩვენს დედაქალაქს გააჩნია“, – აღნიშნა კალაძემ. ​

როგორც ​თბილისის მერი აცხადებს, ქვეყანაში დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის არის და სახელისუფლებო გუნდში ამ თემაზე მუშაობა დაწყებულია.
​მისივე თქმით, ქვეყნის მმართველი გუნდისთვის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი ადამიანის სიცოცხლეა და საზოგადოებას მოუწოდებს, ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ ნარკოტრაფიკსა და ნარკორეალიზატორებს, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს თუნდაც კლუბურ მუსიკას და კონკრეტულ ახალგაზრდებს.

„2012 წელს, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი ადამიანი და ადამიანის სიცოცხლეა”, – განაცხადა კახა კალაძემ და ახალგაზრდებს მოუწოდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და მოისმინონ რა კეთდება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ დილიდან შევიკრიბეთ პრემიერ – მინისტრის და პარტიის ხელმძღვანელობით და ვმსჯელობთ  ამ საკითხებზე, ვისმენთ გარკვეულ შენიშვნებს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. მივმართავ ახალგაზრდებს, – გუნდში ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა და ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა მისაღები არავისთვის  არის. ეს არის ერთი ძალიან დიდი, სერიოზული პრობლემა, რომელიც ყველას გვიქმნის პრობლემას ქვეყანაში. თუ მათ აინტერესებთ,  როგორი მოსაზრება გვაქვს ჩვენ ნარკოპოლიტიკასთან და რას ვაპირებთ მომავალში, ახალგაზრდებს ვთავაზობთ, მობრძანდნენ ჩვენთან, კარი ღიაა, კედელი არასოდეს აღმართულა ჩვენსა და მოქალაქეებს შორის, ჩვენსა და ახალგაზრდებს შორის. მზად ვართ, დასხდნენ ჩვენთან ერთად, მოისმინონ ჩვენი ხედვები და მიმართულებით ამ ყველაფერთან კავშირებით“, – განაცხადა კალაძემ.

https://www.facebook.com/1stchannel/videos/1786066328117711/

მსგავსი თემები