“ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ” – არჩილ თალაკვაძე თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანს

“ვის ეშინია თქვენი ყვირილის ან თქვენი ეპატაჟების? ქუჩაში იყვირეთ რამდენიც გსურთ, ასეთი პოლიტიკოსების ადგილი არის ქუჩაში და თქვენ ყოველთვის გაგაძევებენ ყველანაირი ცივილიზებული ფორმატიდან, როდესაც ასე მოიქცევით”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომიდან სერგო რატიანისა და თინა ბოკუჩავას გასვლის შემდეგ განაცხადა.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ოპოზიციის წარმომადგენლებს პატიმრებზე საუბრის არანაირი უფლება არ აქვთ.

„ეს ის ხალხია, რომლებსაც არანაირი მორალური უფლება პატიმრების უფლებებზე საუბრის არ გააჩნიათ. ეს ხალხი წლების განმავლობაში დახუჭული თვალებითა და დუმილით ხვდებოდნენ ადამიანების წამებას სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს ადამიანები წელიწადში 340-ზე მეტი ადამიანის საპატიმროებში გარდაცვალებას ხვდებოდნენ დუმილით.

დღეს მოდიან და აქ ხმამაღლა საუბრობენ პატიმრების პირობების მონიტორინგზე. პატიმრების მონახულებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებას დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე აძლევს. დღეს ეს არის ჩემი უფლებამოსილება, რომ მივცე ან არ მივცე დეპუტატს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება.

იმ პირობებში, როდესაც ამ ადამიანებმა გამოაცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობდნენ პარლამენტზე ძალადობრივ შეტევაში, თანაპარტიელებთან ერთად აცხადებდნენ, რომ პარლამენტმა უნდა შეწყვიტოს ფუნქციონირება, დღეს ბიუროს სხდომაზე მოვიდნენ და ითხოვდნენ საპარლამენტო პრივილეგიის გამოყენებას. გაუგებარია, თუ ბოიკოტს უცხადებენ პარლამენტს, ბოქლომს ადებენ კარს, აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ პარალელურად ითხოვენ საპარლამენტო პრივილეგიების და უფლებამოსილების გამოყენებას. ასე ნაწილ-ნაწილ ბოიკოტი ამ პარლამენტს არ გაუგია აქამდე. ან აცხადებ, ან არ აცხადებ, დროა ჩამოყალიბდეთ მეგობრებო. ოპოზიციას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოვუწოდებ. პარლამენტი საქმიანობას გააგრძელებს და ამაში ვერავინ შეუშლის ხელს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები