ქუჩაში გამოტანილი პროდუქტები შესაძლოა ტყვიით დაბინძურებული იყოს  

ქუჩაში გამოტანილი ხილი შესაძლოა ტყვიით და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული იყოს. განსაკუთრებული საზამთრო და ნესვი, თუ ისინი 5 და მეტი დღის განმავლობაში, ცხელ ამინდში ასფალტზე აწყვია. ამას ემატება ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვი და მზის ზემოქმედება.

​ექიმები გვირჩევენ, რომ ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ქუჩაში შეძენილი პროდუქტი ცივ გამდინარე წყალში 30-60 წუთის განმავლობაში გავაჩეროთ. პროდუქტის გასარეცხად არ გამოვიყენოთ თბილი წყალი, რადგან თბილი წყლის მილიდან შესაძლოა ტყვიის კონცენტრაცია საკვებზე გადავიდეს.

​​როგორც პედიატრმა თემურ მიქელაძემ მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ასევე, არ უნდა გამოვიყენოთ უცნობი წარმოშობის თიხის პროდუქცია, რადგან თიხა შესაძლოა დიდი რაოდენობით შეიცავდეს ტყვიას. პედიატრმა იქვე დააზუსტა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ადგილობრივი წარმოების თიხის ჭურჭელზე, რომელშიც ძალიან მცირეა ტყვიის შემცველობის ალბათობა.

მისივე ინფორმაციით, ​ტყვია სწრაფად არ აღწევს ორგანიზმში, ამისთვის ადამიანს უნდა უხდებოდეს ტყვიის შემცველ საგნებთან და ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტი. ტყვია შესაძლოა სისხლში მოხვდეს სამშენებლო მტვერის შესუნთქვის შედეგად, კედელზე შემორჩენილი ძველი საღებავებიდან, წყალგაყვანილობის მოძველებული მილებიდან, ასევე, ბავშვები თუ იმყოფებიან სკოლამდელი აღზრდის ისეთ დაწესებულებაში, სადაც ძველი მერხები დგას, რომელთა ზედაპირი შესაძლოა, სწორედ ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს დამუშავებული. პრევენციის მიზნით საჭიროა ჰიგიენის წესების დაცვა, ხელების დაბანა ჭამის წინ და სხვა.

“70 წლის წინათ, ტყვიის შემცველი საღებავების გამოყენება პრაქტიკულად აიკრძალა როგორ ევროპის ქვეყნებში, ასევე საქართველოში, ძველი საღებავები ტყვიას მაღალი კონცეტრაციით შეიცავდა. ასევე, საშიშია სათამაშოები. სათამაშოების მაღაზიაში თუ შესულხართ, იგრძნობთ მკვეთრ სუნს. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ტყვიით, არამედ სხვა ნივთიერებების შემცველობით. საყურადღებოა ისიც, რომ ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს შენახული სათამაშოები”, – აცხადებს თემურ მიქელაძე.

მისივე განმარტებით, გამოკვლეული ბავშვების 33% -ს სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა აღმოაჩნდა, რაც არ ნიშნავს ინტოქსიკაციას. ბავშვის ორგანიზმი, ზრდასრულ ადამიანზე 2-ჯერ სწრაფად ითვისებს ტყვიას. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია ბავშვის ნუტრიენტული სტატუსი. ის უნდა იკვებებოდეს სწორად, საკვებიდან ღებულობდეს ყველა საჭირო ვიტამინს, განსაკუთრებით რკინას.

“სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრ ბავშვებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად კვება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო აძლევს სპეციალურ დანამატებს. ასეთი ბავშვები დაცულები არიან ტყვიით მოწამვლისგან, იმიტომ რომ მათი სისხლი გაჯერებულია რკინით. თუ არის ღრმა ნუტრიენტული დარღვევები და პაციენტი ვერ იღებს საკვებს, მას შეიძლება განუვითარდეს ტყვიით მოწამვლა, თუმცა ამ მხრივ ქვეყანაში ჯერჯერობით არ არის საგანგაშო ვითარება. ​​​ტყვია ყოველთვის იყო და იქნება, მთავარია დავიცვათ ჰიგიენის წესები”, – აცხადებს პედიატრი.

მსგავსი თემები