ქუთაისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე დღეს აინთება

ქუთაისში, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის განათების საზეიმო ცერემონიალი დღეს, 28 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას მუსიკალურად, საერთაშორისო ფესტივალებსა თუ სხვადასხვა შემოქმედებით კონკურსებზე აღიარებული გორის ქალთა კამერული გუნდი გააფორმებს.

გუნდი ახლახანს დაბრუნდა ევროპული ტურნედან, რომელსაც მსოფლიო ვარსკვლავთან, ქეთი მელუასთან ერთად მართავდა. ​ახალი წლის ღამით კი, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე  გალაკონცერტი გაიმართება ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მერიაში განუცხადეს, საახალწლო პროგრამები
31 დეკემბერს დაიწყება და საახალწლო კუთხეები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოეწყობა. ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე 13:00 საათზე, გაიხსნება საახალწლო კუთხე, სადაც გაიმართება, საბავშვო საახალწლო კონცერტი, საახალწლო პერფომანსი, კოსტიუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა დრამერების შოუ-მსვლელობა.

თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორია 17:00 საათიდან, სამეჯლისო ცეკვებს დაეთმობა. გაიმართება საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი, დავით ალადაშვილის მონაწილეობით.

12:00 საათზე, მონპლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა -გაყიდვა გაიმართება, სადაც მოქალაქეები შეძლებენ, თოვლის ბაბუის მიერ მირთმეული გიგანტური გოზინაყის დაგემოვნებას.

1 და 2 იანვარს, ქუთაისის კულტურის ცენტრი ნიღბების თეატრის წარმოდგენას უმასპინძლებს; ქუთაისის, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრში, საახალწლო საბავშვო კონცერტი და თოჯინების თეატრის სპექტაკლი გაიმართება.

მსგავსი თემები