ქუთაისის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია-რეკონტრუქცია იგეგმება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. მათ შორისაა, ქუთაისის ისტორიული უბნის – რიონის სანაპიროს მონაკვეთის რეაბილიტაცია და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია ითვალისწინებს რიონის სანაპიროზე განლაგებული, 19 საუკუნის საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების რეაბილიტაციას.

ფონდს, ასევე დაგეგმილი აქვს 1976 წელს დაარსებული დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. სახვითი ხელოვნების გალერეას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

“ფონდმა 2019 წლისთვის დაგეგმა 19 საუკუნის რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოების ჩატარება. ისტორიულ ნაწილში აღდგება სახლები, მოხდება მათი რეაბილიტაცია, მოწესრიგდება მდინარის კალაპოტი, მოეწყობა სანიაღვრეები, ბილიკები, განათდება და სრულიად ახალ სახეს შეიძენს უბანი და ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ქალაქში, მთლიანად შეკრავს ტურისტულ მარშრუტს. საჭირო თანხის მოცულობა განისაზღვრება საპროექტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, სავარაუდოდ, საუბარია რამდენიმე ათეულ მილიონზე” – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ.

მსგავსი თემები