ქუთათელის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება ხვალიდან შებრუნდება

ქუთათელის ქუჩაზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ხვალ, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება. შესაბამისად, ხვალიდან ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან შევლენ, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე ისინი გადაადგილებას შეძლებენ მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე.
ამასთანავე, კალანდაძის ქუჩიდან იოსებიძის ქუჩაზე მარცხნივ შეხვევა შეიზღუდება. ასევე, ნებადართული არ იქნება ფანჯიკიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე იოსებიძისა და ქუთათელის ქუჩების გავლით მოძრაობაც.
თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.
როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურში განმარტავენ,  ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩების მონაკვეთზე მოძრაობის მიმართულების შეცვლის მიზანია სატრანსპორტო სქემის დახვეწა. გატარებული ღონისძიების შედეგად იოსებიძის ქუჩა ავტომობილების ნაკადებისგან მნიშვნელოვნად განიტვირთება.
მათივე ინფორმაციით, თბილისის გზებზე კომფორტული და მარტივი გადაადგილების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობის სქემების ოპტიმიზაციაზე მუშაობა მიმდინარეობს.
თბილისის საბურთალოს რაიონში, დედაქალაქის მერიასთან მდებარე ქუთათელაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 3 მარტს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.  პროექტი ითვალისწინებს ტროტუარის გაფართოვებას და შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე პანდუსების მოწყობას. 1800 კვადრატულ მეტრის ფართობზე ასფალტის ახალი საფარის დაგებას, საფეხმავლო ბილიკის გაფართოვებას და 182 მეტრის სიგრძეზე სანიაღვრე არხების მოწყობას.
თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ფეხით მოსიარულეებს პრობლემა ექმნებოდათ, ტროტუარები მწყობრიდან იყო გამოსული. რეაბილიტაციის შედეგად მოწესრიგდება სკოლის წინ დაზიანებული გზის საფარი და აიკრძალება ტროტუარზე პარკინგი.
“გარდა ამისა, ავტომობილებს ტროტუარებზე აპარკინგებენ და ესეც აიკრძალება. ეს კონკრეტული ქუჩა დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მოწესრიგდება. სპეციალურად დავამთხვიეთ სკოლებში არდადეგების პერიოდს, გვინდა დრო მოვიგოთ, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შევუშალოთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებს საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუგრუპი“ შეასრულებს. პროექტისთვის 170 000 ლარია გამოყოფილი.

მსგავსი თემები