ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის მექანიზმი შეიცვალა

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების მექანიზმი შეიცვალა და სრულად ინტეგრირდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.

ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეებს: სოციალურად დაუცველებს (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს), ასაკით პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, ვეტერანებს და ასევე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, მედიკამენტების მიღება სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

პროგრამაში გათვალისწინებულია 5 წლამდე ასაკის ბენეფიციარებისთვის, მათ შორის 5 წლამდე შშმ ბავშვებისათვის ანტიბაქტერიული მედიკამენტების დაფინანსებაც

პროგრამის იმპლემენტაცია დღეიდან 2 კვირის ვადაში განხორციელდება, დამტკიცდება მედიკამენტების ნუსხა, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბაზრის კვლევის საფუძველზე დადგინდება ფასები, დაწესდება წლიური ლიმიტი დაავადებების ჯგუფების მიხედვით, შესაბამისად, პაციენტი მიიღებს მედიკამენტს სერვისის მიმწოდებელ აფთიაქებში, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტო დადგენილი ტარიფისა და შესაბამისი ლიმიტის საფუძველზე მედიკამენტის ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული პირობაა მედიკამენეტების ხარისხი, ფარმაცევტული პროდუქტისთვის განსაზღვრული მოთხოვნაა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეკვალიფიცირებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ხარისხის სერტიფიკატის არსებობა.

აღნიშნული ცვლილება გაამარტივებს პროგრამის ადმინისტრირებას, როგორც მენეჯმენტის კუთხით, ასევე მედიკამენტების მარაგების მართვის კუთხით და შესაბამისად, პაციენტისთვისაც მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

მსგავსი თემები