„ქრისტეს აღდგომის ხარება ღრეობაში არ უნდა გადაიზარდოს“ – დეკანოზის რჩევა მრევლს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ლიტანიობის შემდეგ, საფლავზე გასვლა ნებისმიერ შეუძლია, თუმცა, სიხარულით და მიცვალებულისთვის აღდგომის მისალოცად.

როგორც დეკანოზმა გიორგი კიკვიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მთავარია, აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე გლოვით არ მივიდეთ.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, უკვე მრავალი წელია, მიღებულია ტრადიცია, რომ ორშაბათს, აღდგომის მეორე დღეს, ადამიანები გადიან საფლავზე. სასულიერო პირებს ხშირად გვეკითხებიან – შეიძლება თუ არა, აღდგომას საფლავზე გასვლა. რა თქმა უნდა, შეიძლება, თუმცა, მთავარი არის შინაგანი მოტივაცია და არა გარეგნული ქმედება. თუკი მე მყავს გარდაცვლილი ახლობელი და ის სიხარული, რაც ტაძარში მივიღე და მაცხოვრის აღდგომით განვიცადე, მინდა, რომ მასაც მივულოცო და მასაც ვახარო რომ ქრისტე აღდგა, რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია“ – აღნიშნა მამა გიორგიმ „მედიაცენტრ მთავარში“.

მამაოს თქმით, მთავარია, ადამიანი აღდგომის დღესასწაულზე, საფლავზე გლოვისთვის არ გავიდეს: „თუ მე საფლავზე არ გავდივარ გლოვისთვის და ჩემი მოტივაცია სიხარულის გაზიარებაა, ნებისმიერ დროს შემიძლია საფლავზე გასვლა. როგორ შეიძლება ეკლესიამ, სასულიერო პირმა ან სხვა ვინმემ დამიშალოს ურთიერთობა ჩემს გარდაცვლილებთან და თქვას, რომ ამ დღეს ეს შეიძლება. საყვარელ ადამიანებთან სიყვარულის გაზიარება ყოველთვის შეუზღუდავად შეიძლება შეუზღუდავად, თუმცა, ეკლესია ადამიანებს ზომიერებისკენ აქაც მოუწოდებს. სიყვარული და ქრისტეს აღდგომის ხარება ღრეობაში არ უნდა გადაიზარდოს.“

მსგავსი თემები