“ქვეყნის დატოვებას არ ვაპირებ, აქ მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი” – თამთა თოდაძე

სექსუალური ძალადობის მცდელობაში ბრალდებული, დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ დაზარალებული, თამთა თოდაძე დედასთან ერთად საზღვარგარეთ აპირებს წასვლას, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს მოითხოვს. 

მისი თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

„ესეც არ გამოუვათ, ადამიანებს უნდა დავანახო ყველაფერი და დავამტკიცო, გავშიფრო სცენარი. ჯერ სად ხართ, შოუ ახლა იწყება, პროცესები 2 დეკემბრიდან განახლდება”, – აცხადებს კუბლაშვილი.

თავად თამთა თოდაძე კი ამ ინფორმაციას უარყოფს. თოდაძე განმარტავს, რომ ის ქვეყნის დატოვებას არ გეგმავს და საკუთარი სიმართლე აქვს დასამტკიცებელი.

„რის საფუძველზე ან რა ფაქტებით საუბრობს მარიამ კუბლაშვილი? რომელი ქვეყნის საკონსულოსთან დამინახა ან რომელმა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ თამთა თოდაძემ მიმართა თხოვნით პოლიტიკური თავშესაფარი მომეცითო? იურისტი ადამიანია და სწორედ იურისტი არ უნდა საუბრობდეს ფაქტების გარეშე. საიდან იგონებს ამ ინფორმაციას? ან რატომ აქვს ტყუილი ინფორმაცია?

ეს სრული აბსურდია, სიმართლეს არ შეესაბამება. გულწრფელად რომ გითხრათ, არასდროს მიფიქრია ჩემი ქვეყნის დატოვებაზე, მითუმეტეს, არც ახლა, იმიტომ რომ ჩემს ქვეყანაში მაქვს ჩემი სიმართლე დასამტკიცებელი და აუცილებლად ვაპირებ, ჩემ ქვეყანაში გავაგრძელო ცხოვრება.

მარიამ კუბლაშვილმა აღარ იცის, რა ბრალი წამიყენოს და რაზე ისაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ თავის საქმეზე მტკიცებულებები საერთოდ არ აქვს და რას გამოეკიდოს აღარ იცის. ახლა საზოგადოებაზე მუშაობს, რომ განწყობა შექმნას, თითქოს, მე მივდივარ. სად დამინახა, რომ მივდივარ? პირადად მაქვს მარიამ კუბლაშვილთან შეკითხვა, საიდან მოიტანა, რომ ქვეყნიდან მივდივარ? საიდან მოიტანა, რომ პოლიტიკური თავშესაფარი მინდა? სრული აბსურდია!“, – განაცხადა თოდაძემ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს წარუდგინა. ამასთან, გენერალურმა პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო. 

ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს. 

მსგავსი თემები